ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 58

  1. 1
    მიხსენი ჩემი მტრებისგან, ღმერთო ჩემო; დამიცავი მათგან, ვინც ჩემს წინააღმდეგ აღდგა.
  2. 2
    მიხსენი სიავის მქმნელთაგან და სისხლისმღვრელთაგან გადამარჩინე.
  3. 3
    აჰა, ჩაუსაფრდნენ ჩემს სიცოცხლეს; აღდგნენ ჩემზე ძლიერნი, თუმცა არც დანაშაული მიმიძღვის და არც შეცოდება, უფალო.
  4. 4
    უდანაშაულო ვარ, და მაინც ჩემს წინააღმდეგ გამოდიან, აღსდექ ჩემს შესახვედრად და მომხედე.
  5. 5
    შენ კი უფალო, ცაბაოთ ღმერთო, ღმერთო ისრაელისა, აღსდექ, რომ განიკითხო ერები; არ დაინდო სიავის მქმნელნი, მოღალატენი.
  6. 6
    საღამოობით ბრუნდებიან, ძაღლებივით ყმუიან და გარს უვლიან ქალაქს.
  7. 7
    აგერ, გმობას ანთხევენ თავიანთი პირებიდან, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა ვინ ისმენსო.
  8. 8
    შენ კი გაიცინებ მათზე უფალო, დასცინებ ყველა ხალხს.
  9. 9
    ძალავ ჩემო, შენ მოგენდობი, რადგან ღმერთია ჩემი სიმაგრე.
  10. 10
    ღმერთი ჩემი მწყალობელი წინ წამიძღვება; გამარჯვებით შემახედებს იგი ჩემს მტრებზე.
  11. 11
    ნუ დახოცავ მათ, თორემ დაივიწყებს ჩემი ერი, გაფანტე შენი ძალით და დაამდაბლე, ფარო ჩვენო, უფალო.
  12. 12
    რადგან მათი პირის ცოდვა არის მათი სიტყვა, დაე, გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობით, ტყუილი ფიცისა და პირფერობისთვის,
  13. 13
    მოსპე რისხვით, მოსპე რომ აღარ იყვნენ და შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობზე, ქვეყნიერების კიდით-კიდემდე.
  14. 14
    დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარს შემოუარონ ქალაქს.
  15. 15
    დაე, იწოწიალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე.
  16. 16
    მე კი შენს სიძლიერეს ვუმღერებ და დილდილობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
  17. 17
    ძალავ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი - ჩემი მწყალობელი.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 58 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა