ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 61
- 1მხოლოდ ღმერთს ელის მდუმარედ ჩემი სული; მისგანაა ჩემი ხსნა.
- 2მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - დიდად არ წავბორძიკდები.
- 3როდემდე დაესხმით თავს ადამიანს, შეეცდებით მის წაქცევას, როგორც გადახრილ კედელს, ყორეს მორყეულს.
- 4განიზრახეს სიმაღლიდან მისი გადმოგდება; სიცრუეს მიმართავენ, პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან.
- 5მხოლოდ ღმერთს ელოდება სული ჩემი მდუმარედ, რადგან მისგან არის ჩემი იმედი.
- 6მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ხსნა ჩემი, ჩემი სიმაგრე - არ შევირყევი.
- 7ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; ღმერთია ჩემი სიმაგრე და თავშესაფარი.
- 8მას მიენდეთ ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გულები გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.
- 9არარაობა არიან მოკვდავნი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველა ერთ ამოსუნთქვაზე მსუბუქია.
- 10ნუ დაამყარებთ იმედს მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; თუ გაგიმრავლდა სიმდიდრე, გულს ნუ მიიდრეკ მისკენ.
- 11ერთხელ თქვა ღმერთმა და ორჯერ მოვისმინე, რომ ღმერთისაა ძალა.
- 12შენია უფალო წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი საქმისამებრ.
იტვირთება შემდეგი თავი