ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 64
- 1ხოტბა შეგშვენის ღმერთო, სიონზე; შენ აგისრულებენ აღთქმებს.
- 2ლოცვის შემსმენელო, შენთან მოვა ყველა ხორციელი.
- 3როცა გვჯაბნიან ჩვენი ცოდვები, შენ შეგვინდობ ჩვენს დანაშაულს.
- 4ნეტარია, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოვებ, რომ იცხოვროს შენს ეზოებში; გავძღებით შენი სახლის, შენი წმიდა ტაძრის სიკეთით.
- 5შიშის მომგვრელი საქმეებით და სიმართლით გვიპასუხე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა იმედო.
- 6მთები დააფუძნე შენი ძალით, ძლიერებით ხარ გარშემორტყმული.
- 7შენ აწყნარებ ზღვათა ღრიალს, მათი ტალღების ხმაურს და ერების მღელვარებას.
- 8შეშინდებიან შენი ნიშნების გამო დედამიწის კიდეთა მცხოვრებნი, შენი წყალობის სიხარულით ყიჟინებს განთიადი და დაისი.
- 9ზრუნავ მიწაზე და რწყავ, უხვად ავსებ დოვლათით; ნაკადი ღვთისა სავსეა წყლით, რომ მისცე ადამიანებს პური, რადგან ასე დაადგინე.
- 10მის კვლებს არწყულებ და ბელტებს ასწორებ, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, აკურთხებ მის აღმონაცენს.
- 11შენი სიკეთით აგვირგვინებ წელიწადს, შენი ნაკვალევიდან წვეთავს პოხიერება.
- 12ნახირით არის სავსე საძოვრები და მაღლობები ლხინით იმოსებიან.
- 13ცხვრებით ივსება საძოვრები და მარცვლეულით იფარება დაბლობები; ყიჟინებენ და მღერიან სიხარულით.
იტვირთება შემდეგი თავი