ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 65

  1. 1
    სიხარულით შესძახე ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ.
  2. 2
    უგალობეთ მისი სახელის დიდებას, ხოტბა შეასხით მის დიდებას.
  3. 3
    უთხარით ღმერთს: "რა საოცარია შენი საქმენი, დაგემორჩილებიან შენი მტრები, შენი ძალის სიდიადის გამო.
  4. 4
    მთელი ქვეყნიერება გცემს თაყვანს შენ და ქებას უმღერს შენს სახელს”.
  5. 5
    მოდით და ნახეთ ღვთის ნამოქმედარი, საოცარია მისი საქმენი ადამიანის შვილების მიმართ.
  6. 6
    ზღვა ხმელეთად გადააქცია, მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო.
  7. 7
    უკუნისამდე მეფობს თავისი ძლიერებით, მისი თვალები ერებს აკვირდება, რომ არ აღსდგნენ ურჩნი.
  8. 8
    ადიდეთ ერებო ჩვენი ღმერთი და აღავლინეთ ხმა მისი ქებისა.
  9. 9
    მან შეუნარჩუნა სიცოცხლე ჩვენს სულს და ფეხი ჩვენი დაიცვა წაბორძიკებისგან.
  10. 10
    რადგან, გამოგვცადე ჩვენ ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლს ადნობენ.
  11. 11
    ბადეში მოგვაქციე, ჩაგვრის ტვირთი აგვკიდე ზურგზე.
  12. 12
    კაცი აამხედრე ჩვენზე; ცეცხლსა და წყალში გამოგვატარე და სიუხვის ადგილზე მოგვიყვანე.
  13. 13
    სრულადდასაწველით მოვალ შენს სახლში და აგისრულებ ჩემს აღთქმებს,
  14. 14
    რომლებიც წარმოთქვეს ჩემმა ბაგეებმა და ჩემმა პირმა აღგითქვა გაჭირვების ჟამს.
  15. 15
    მსუყე სრულადდასაწველს ამოგიტან საკმევითა და ერკემლით. მოზვრებს და ვაცებს შემოგწირავ.
  16. 16
    მოდით, მოისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ და გიამბობთ, რა გააკეთა მან ჩემი სულისთვის.
  17. 17
    ჩემი ბაგეებით შევღაღადე და ჩემი ენით აღვამაღლე იგი.
  18. 18
    სიმრუდე რომ შეემჩნია ჩემს გულში, არ შეისმენდა უფალი.
  19. 19
    მაგრამ ნამდვილად მისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.
  20. 20
    კურთხეულ იყოს ღმერთი, რომელმაც არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 65 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა