ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 67
- 1დაე, აღდგეს ღმერთი, გაიფანტნონ მისი მტრები და უკუიქცნენ მისი მოძულენი მისგან.
- 2კვამლივით გაფანტე ისინი; როგორც ცვილი დნება ცეცხლზე, ასე დაიღუპნონ ბოროტნი ღვთის წინაშე.
- 3მართლებმა კი გაიხარონ ღვთის წინაშე, იხარონ და სიხარულით იზეიმონ.
- 4უმღერეთ ღმერთს, უმღერეთ მის წმიდა სახელს, უმღერეთ მას, ვინც უდაბნოს სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე.
- 5ობოლთა მამაა და ქვრივთა მსაჯული - ღმერთი, თავის წმიდა სამყოფელში,
- 6ღმერთი სახლს აძლევს მარტოხელებს, კეთილდღეობაში გამოჰყავს პატიმრები, ურჩნი კი ხრიოკზე რჩებიან.
- 7ღმერთო, როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა უდაბნოში მიდიოდი,
- 8დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღვთის სახის წინაშე; თვით სინაიც იძვროდა უფლის, ისრაელის ღმერთის გამო.
- 9ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს და როცა დაუძლურდა, შენ გაამაგრე.
- 10შენი სამწყსო დასახლდა იქ; ღმერთო, შენ განუმზადე სიკეთე ღარიბებს.
- 11უფალი იძლევა სიტყვას და ქალები, რომლებიც მას ახარებენ, დიადი ლაშქარია:
- 12გარბიან ჯარების მეფენი, გარბიან და სახლში დარჩენილი ქალები ნადავლს ინაწილებენ.
- 13როცა ცხვრის სადგომებს შორის იწექით, მტრედივით იყავით, ვერცხლით დაფარული ფრთები რომ აქვს და მოოქროვილი ბუმბული.
- 14როცა გაფანტა ყოვლისშემძლემ მეფენი ქანაანისა, თოვლი ბრწყინავდა ცალმონზე.
- 15ღვთის მთაა - მთა ბაშანისა, მწვერვალთა კრებულია მთა ბაშანისა,
- 16რატომ შეჰყურებთ შურით, მაღალო მწვერვალნო, მთას, რომელიც თავის სამკვიდრებლად ისურვა ღმერთმა? სამუდამოდ დამკვიდრდება იქ უფალი!
- 17ათიათასობითაა ღმერთის ეტლები, ათასობით ათასი. მათ შორის არის უფალი სინაიზე, სიწმიდეში.
- 18ახვედი მაღლა, ტყვეობა დაატყვევე, ძღვენი მიიღე ადამიანთა შორის, დიახ, ურჩთა შორისაც, რათა უფალი დამკვიდრდეს იქ.
- 19კურთხეულ იყოს უფალი, რომელიც ყოველდღე ზრუნავს ჩვენზე. ღმერთი ჩვენი მხსნელი.
- 20ღმერთია, ჩვენი ხსნის ღმერთი, უფალი ღმერთის ხელშია ხსნა სიკვდილისგან.
- 21დიახ, ღმერთი გაუჭეჭყავს თავს თავის მტრებს, ბანჯგვლიან კეფას - დანაშაულის გზით მოსიარულეს.
- 22თქვა უფალმა - ბაშანიდან დავაბრუნებ ჩემს ხალხს, დავაბრუნებ ზღვის სიღრმეებიდან,
- 23რათა მტრების სისხლში ჩადგა შენი ფეხი, და შენმა ძაღლებმა ენით ალოკონ შენი მტრების სისხლი;
- 24ნახეს შენი სვლა ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა, ჩემი მეფისა, საწმიდარისკენ.
- 25წინ მგალობლები მიდიოდნენ, უკან - მუსიკოსნი, შუაში - მედაირე ქალწულები.
- 26კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი, უფალი, წყარო ისრაელისა.
- 27პატარა ბენიამინი წინ მიუძღვის მათ, იუდას მთავრებიც ურიცხვი ხალხით, ზებულონისა და ნაფთალის მთავრებთან ერთად.
- 28შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა ძალა; ღმერთო განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის.
- 29შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, ძღვენს მოგიტანენ მეფენი,
- 30შერისხე მხეცი ლერწმიანისა, ხარების ჯოგი - ხალხთა ზვარაკებს შორის, ფეხქვეშ რომ გათელეს ვერცხლი. მიმოფანტე ომის მოსურნე ხალხები.
- 31მოვლენ ეგვიპტის ელჩები, ქუში სწრაფად გაიწვდის ძღვენით სავსე ხელებს ღვთისკენ.
- 32ქვეყნიერების სამეფოებო, ღმერთს უმღერეთ, უფალს უგალობეთ!
- 33ამხედრებულს უძველეს ცათა ცაზე - აჰა, ის გამოსცემს თავისი ძლიერების ხმას.
- 34აღიარეთ ღვთის ძლიერება; მისი სიდიადე ისრაელზეა და მისი სიძლიერე - ღრუბლებში.
- 35შიშის მომგვრელი ხარ შენს საწმიდარში ღმერთო, ღმერთო ისრაელისა, რომელიც ძალას და ძლევამოსილებას აძლევ ხალხს. კურთხეულ არს ღმერთი!
იტვირთება შემდეგი თავი