ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 68
- 1მიხსენი ღმერთო, რადგან ყელამდე მომადგა წყალი.
- 2გაუვალ ლაფში ჩავეფლე და არაა ტერფის დასადგმელი; ღრმა წყალში შევედი და სწრაფმა დინებამ დამფარა.
- 3მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.
- 4ჩემი თავის თმაზე მეტად მომიმრავლდნენ უმიზეზოდ მოძულენი; გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე უმიზეზოდ გადამტერებულნი. რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო.
- 5ღმერთო, შენ იცი ჩემი უგუნურება და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.
- 6ნუ შერცხვებიან ჩემ გამო შენი მოიმედენი უფალო,ცაბაოთ ღმერთო; ნუ გაწბილდებიან ჩემ გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა.
- 7რადგან შენთვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე.
- 8გარიყული გავხდი ჩემი ძმებისთვის და უცხო - დედაჩემის შვილთათვის.
- 9რადგან შენი სახლის მოშურნეობამ დამღრღნა და შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა თავს.
- 10ვტიროდი და ვმარხულობდი, მაგრამ ლანძღვა მივიღე,
- 11ძაძებით შევიმოსე და დასაცინი გავხდი მათთვის.
- 12ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი და მღერიან ღვინის მსმელნი.
- 13მე კი შენ მიმართ ვლოცულობ უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე და მიხსენი შენი ერთგულებით.
- 14მიხსენი ჭაობისგან, შიგ რომ არ ჩავეფლა; ჩემი მოძულეებისგან და ღრმა წყლებისგან გადამარჩინე.
- 15ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა, ნუ ჩამყლაპავს მორევი და პირს ნუ შეიკრავს ჩემზე ორმო.
- 16მიპასუხე უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე.
- 17ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს; სწრაფად მიპასუხე.
- 18მოუახლოვდი ჩემს სულს, გადამარჩინე; გამომისყიდე ჩემი მტრებისგან.
- 19შენ იცი ჩემი გალანძღვა, გაწბილება და შერცხვენა; შენ წინაშეა ყველა ჩემი მტერი.
- 20დამცირებამ გული გამიტეხა და დავსნეულდი; თანამგრძნობს ველოდი და არავინ იყო, მანუგეშებელს და - ვერ ვპოვე.
- 21ნაღველი მომცეს საჭმელად და წყურვილისას ძმარი შემასვეს.
- 22დაე, თავისივე ტაბლა ექცეთ ხაფანგად და მახედ - ის, რაც კეთილდღეობისთვის აქვთ.
- 23თვალები დაუბნელდეთ, რომ ვერ ხედავდნენ და მუდმივად კანკალებდეს მათი წელი.
- 24შენი მრისხანება გადმოღვარე მათზე და შენი რისხვის ალი ეწიოთ.
- 25მათი საცხოვრებელი გაპარტახდეს, არავინ მკვიდრობდეს მათ კარვებში.
- 26რადგან შენ მიერ ნაგვემს დევნიან და შენ მიერ განგმირულთა ტკივილებზე ლაპარაკობენ.
- 27მიუმატე ცოდვა მათ ცოდვებს და ნუ შემოვლენ შენს სიმართლეში.
- 28ამოიშალონ ისინი ცოცხალთა წიგნიდან და მართლებთან ნუ ჩაიწერებიან.
- 29მე კი ჩაგრული და ტკივილით შეწუხებული ვარ; შენმა ხსნამ, ღმერთო, ამამაღლოს მე.
- 30გალობით შევაქებ ღვთის სახელს და მადლიერებით განვადიდებ.
- 31ეს უფრო მოეწონება უფალს, ვიდრე ხარი ან რქიანი და ჩლიქიანი მოზვერი.
- 32იხილავენ ამას თავმდაბალნი და გაიხარებენ; გაცოცხლდეს გული თქვენი, ღვთის მაძიებელნო.
- 33რადგან უსმენს უფალი გაჭირვებულებს და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.
- 34განადიდოს იგი ცამ და დედამიწამ, ზღვამ და ყოველივემ, რაც მათში მოძრაობს.
- 35რადგან ღმერთი დაიხსნის სიონს, ააშენებს იუდას ქალაქებს; იქ დასახლდება მისი ერი და დაეპატრონება მას.
- 36მის მსახურთა შთამომავლობა დაეუფლება მას და მისი სახელის მოყვარულნი იცხოვრებენ მასში.
იტვირთება შემდეგი თავი