ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 70

  1. 1
    უფალო, შენში ვეძებ თავშესაფარს, ნუმც შევრცხვენილვარ უკუნისამდე.
  2. 2
    მიხსენი შენი სიმართლით და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე.
  3. 3
    იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ ყოველთვის იქ შევდიოდე; ბრძანე ჩემი შველა, რადგან კლდე და სიმაგრე ხარ ჩემი.
  4. 4
    ღმერთო ჩემო, ბოროტის ხელისგან მიხსენი, უკანონობის მოქმედისა და მძარცველის ხელისგან.
  5. 5
    რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, ღმერთო ჩემო, შენზე ვარ მონდობილი ყრმობიდანვე.
  6. 6
    დედის მუცლიდანვე შენზე ვიყავი დანდობილი, შენ გამომიყვანე დედის საშოდან; მუდამ შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა.
  7. 7
    საკვირველი გავხდი მრავალთათვის; მაგრამ შენ ხარ ჩემი მტკიცე თავშესაფარი.
  8. 8
    შენი ქებითაა სავსე ჩემი პირი; მთელი დღე შენს დიდებულებაზე ვლაპარაკობ.
  9. 9
    ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, ნუ მიმატოვებ, როცა დაიშრიტება ძალა ჩემი.
  10. 10
    რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა და ერთად იზრახავენ ჩემი სიცოცხლის წინააღმდეგ ჩასაფრებულნი.
  11. 11
    ამბობენ, ღმერთმა მიატოვაო იგი, დაედევნეთ და შეიპყარით, რაკი არა ჰყავს მხსნელი.
  12. 12
    ღმერთო, ნუ გამშორდები; ღმერთო ჩემო, გამოეშურე ჩემს შესაწევნად.
  13. 13
    დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი მტრები; სირცხვილმა და გაჭირვებამ დაფაროს ჩემთვის სიავის მაძიებლები.
  14. 14
    მე კი გამუდმებით შენ გელოდები და ვამრავლებ შენს დიდებას;
  15. 15
    ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, მთელ დღეს - შენმიერ ხსნაზე, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.
  16. 16
    მოვალ და ღმერთის, უფლის დიად საქმეებზე ვილაპარაკებ; შენს სიმართლეს, მხოლოდ შენსას გავიხსენებ.
  17. 17
    ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც შენს საოცრებაზე ვლაპარაკობ.
  18. 18
    ჭაღარამდე, ღრმა სიბერემდე ნუ მიმატოვებ ღმერთო, ვიდრე გავუცხადებდე შენს ძლიერებას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს შეძლებას.
  19. 19
    ცას სწვდება შენი სიმართლე ღმერთო; დიადია საქმენი შენი, ვინ შეგედრება, ღმერთო?!
  20. 20
    შენ მაჩვენებდი მრავალ და მძიმე გასაჭირს, მაგრამ კვლავ მაცოცხლებდი და დედამიწის უფსკრულიდან ამოგყავდი.
  21. 21
    შენ მმატებდი დიდებას და ბრუნდებოდი ჩემს სანუგეშებლად.
  22. 22
    და მეც ებნით შევაქებ შენს ერთგულებას, ღმერთო; ქნარით გიმღერებ, ისრაელის წმიდავ.
  23. 23
    სიხარულით იყიჟინებენ ჩემი ბაგეები, როცა გიგალობებ და ჩემი სულიც - შენ რომ გამოისყიდე.
  24. 24
    ჩემი ენაც ყოველდღე ილაპარაკებს შენს სიმართლეზე, რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემი ავის მაძიებელნი.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 70 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა