ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 71

  1. 1
    ღმერთო, შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს.
  2. 2
    რათა სიმართლით განსაჯოს შენი ერი და შენი ჩაგრულნი - სამართლიანად.
  3. 3
    მთები მშვიდობას მოუტანენ ხალხს და ბორცვები სიმართლეს.
  4. 4
    სამართალს გაუჩენს ჩაგრულ ხალხს, იხსნის ღარიბთა შვილებს და შემუსრავს მჩაგვრელთ.
  5. 5
    შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე.
  6. 6
    ის წვიმასავით ჩამოვა მოთიბულ ბალახზე, შხაპუნა წვიმასავით, მიწას რომ ალბობს.
  7. 7
    მის დღეებში გაიფურჩქნება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე იარსებებს მთვარე.
  8. 8
    იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარედან დედამიწის კიდეებამდე.
  9. 9
    ქედს მოიდრეკენ მის წინაშე უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.
  10. 10
    თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; შებას და საბას მეფენი ძღვენს მოართმევენ.
  11. 11
    ყველა მეფე მოიდრიკება მის წინაშე და ყველა ერი მოემსახურება მას.
  12. 12
    რადგან იხსნის ღარიბს, როდესაც შეჰღაღადებს და ჩაგრულს, რომელსაც შემწე არა ჰყავს.
  13. 13
    შეიწყნარებს დავრდომილსა და გაჭირვებულს, იხსნის ღარიბთა სიცოცხლეს.
  14. 14
    ჩაგვრისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სიცოცხლეს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში.
  15. 15
    დღეგრძელი იყოს და მიეცეს მას შებას ოქრო; განუწყვეტლივ ილოცონ მისთვის და მთელ დღეს აქებდნენ მას.
  16. 16
    იყოს სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალებზე. ლიბანის ტყესავით იბიბინებს მისი ნაყოფი; აყვავდნენ კაცნი ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე.
  17. 17
    უკუნისამდე დამკვიდრდეს მისი სახელი, იდიდებს - ვიდრე მზე არსებობს, მის მიერ იკურთხება ყოველი ერი და უწოდებს მას კურთხეულს.
  18. 18
    კურთხეულ იყოს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა, მხოლოდ ის ახდენს სასწაულებს.
  19. 19
    კურთხეულ იყოს მისი დიდებული სახელი უკუნისამდე და აივსოს მისი დიდებით მთელი დედამიწა. ამინ, ამინ!
  20. 20
    დასრულდა ლოცვანი დავითისა, იესეს ძისა.
იტვირთება შემდეგი თავი