ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 72

  1. 1
    ნამდვილად კეთილია ღმერთი ისრაელისადმი, გულით სუფთების მიმართ.
  2. 2
    მე კი - კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, ლამის მომიცურდა ნაბიჯები,
  3. 3
    რადგან შემშურდა უგუნურებისა, ვხედავდი რა ბოროტთა კეთილდღეობას.
  4. 4
    რადგან არა აქვთ ტკივილი სიკვდილამდე და ჯანსაღნი არიან.
  5. 5
    კაცთა სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებივით არ ტვირთმძიმობენ,
  6. 6
    ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს.
  7. 7
    სიმსუქნისგან თვალები გადმოკარკლეს, სიბრიყვით აევსოთ გულები.
  8. 8
    ავად და დამცინავად ლაპარაკობენ, ძალადობით იმუქრებიან.
  9. 9
    ზეცის წინააღმდეგ დააღეს პირები, მათი ენები კი დედამიწაზე დაიარება.
  10. 10
    ამიტომ მისი ხალხიც მათ მიმართავს ხოლმე და სვამენ მათ სიტყვებს, როგორც წყალს სავსე თასიდან.
  11. 11
    ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? განა აქვს ცოდნა უზენაესს?
  12. 12
    აჰა, ბოროტნი ამა ქვეყნისა, უზრუნველნი არიან და დოვლათს იხვეჭენ;
  13. 13
    განა, ამაოდ არ განვიწმიდეთ გულები და დავიბანეთ ხელები უდანაშაულობით?
  14. 14
    ყოველ დღე ვიტანჯებოდით და ვისჯებოდით ყოველ დილით.
  15. 15
    რომ მეთქვა: მეც ასე ვილაპარაკებ-მეთქი, მაშინ ვუღალატებდი შენი შვილების თაობას.
  16. 16
    და განვიზრახე, რომ გამეგო ეს, მაგრამ ძნელად მეჩვენებოდა,
  17. 17
    ვიდრე ღვთის საწმიდარში მოვიდოდი და მათ ბოლოს მივხვდებოდი.
  18. 18
    ნამდვილად მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი; შენ მოსპობ მათ.
  19. 19
    როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ შიშის ზარისგან!
  20. 20
    როგორც სიზმარი ქრება გამოღვიძების შემდეგ, ისე მოიძულებ მათ სახეებს, როცა აღსდგები, უფალო.
  21. 21
    როცა გული მიმწარდებოდა და შინაგანი მეფლითებოდა,
  22. 22
    უგუნური ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, პირუტყვს დავემსგავსე შენ წინაშე.
  23. 23
    და მაინც მუდამ შენთან ვარ, შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა.
  24. 24
    შენი რჩევით მიმიძღვი წინ და დიდებამდე მიგყავარ.
  25. 25
    ვინ არის ჩემთვის ზეცაში? და შენ გარდა არაფერი მსურს დედამიწაზე.
  26. 26
    ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული, მაგრამ ღმერთია სიმაგრე ჩემი გულისა და ჩემი წილხვედრი უკუნისამდე.
  27. 27
    რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი დაიღუპებიან; შენ სპობ ყველას, ვინც არ გიერთგულებს.
  28. 28
    ჩემთვის კი სასიკეთოა ღმერთთან სიახლოვე; უფალი ღმერთი გავიხადე ჩემს თავშესაფრად. ყველა შენს საქმეზე ვილაპარაკებ.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 72 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა