ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 73
- 1ღმერთო, რატომ მიგვატოვე სამუდამოდ, რატომ აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე?
- 2გაიხსენე შენი ხალხი, ადრევე რომ შეიძინე, ტომი რომელიც შენს მემკვიდრეობად გამოისყიდე! გაიხსენე მთა სიონისა, რომელზეც მკვიდრობ შენ.
- 3წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისკენ; ყველაფერი გაანადგურა მტერმა შენს საწმიდარში.
- 4შენი მტრები ღმუიან შენს საკრებულოში; თავისი ნიშნები დადეს სასწაულების მაგიერ.
- 5ხის ტოტებზე ცულშემართულებს ჰგავდნენ,
- 6და ახლა საწმიდრის ყველა ჩუქურთმას უროსა და ცულს ურტყამენ.
- 7ცეცხლს მისცეს შენი საწმიდარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.
- 8თქვეს თავიანთ გულში: გავანადგურებთ მათ ერთიანად. გადაწვეს ღმერთის ყველა შესაკრებელი ადგილი ქვეყანაზე.
- 9ჩვენს ნიშნებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე გაგრძელდება ასე.
- 10ო, ღმერთო, როდემდე უნდა შეურაცხგვყოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა ლანძღავდეს მტერი შენს სახელს?
- 11უკან რად მიგაქვს შენი ხელი, შენი მარჯვენა? გამოიღე უბიდან და მოსპე.
- 12მაგრამ ღმერთი, ჩემი მეფეა ძველთაგანვე, დიდი ხსნა მოაქვს ქვეყანაზე.
- 13შენ გააპე ზღვა შენი ძალით, თავები მიუმტვრიე წყლის ურჩხულებს.
- 14შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს და საკვებად მიეცი იგი უდაბნოს მხეცებს.
- 15შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე დაუშრობელი მდინარენი.
- 16შენია დღე, ღამეც შენია; შენ დაადგინე მთვარე და მზე.
- 17ქვეყნიერების ყველა საზღვარი შენ დაადგინე, გაზაფხული და ზამთარი შენ შექმენი.
- 18უფალო, გაიხსენე: როგორ გალანძღა მტერმა და უგუნურმა ხალხმა ჰგმო შენი სახელი.
- 19ნუ მისცემ მხეცებს შენი გვრიტის სიცოცხლეს, ნურასოდეს დაივიწყებ შენი ღარიბების სიცოცხლეს.
- 20გაიხსენე შენი აღთქმა, რადგან ძალადობით აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები.
- 21შერცხვენილი ნუ დაბრუნდება ჩაგრული, დაე, აქებდნენ შენს სახელს ღარიბნი და საწყალნი.
- 22აღსდექ უფალო და ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე ყოველდღე რომ გლანძღავდნენ უგუნურნი.
- 23ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენი მოწინააღმდეგეების ღრიალს, მუდამ რომ ამოდის!
იტვირთება შემდეგი თავი