ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 76
- 1ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს, ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს და ის მომისმენს.
- 2უფალს ვეძებ ჩემი გაჭირვების დღეს, გაწვდილია ჩემი ხელი ღამ-ღამობით და არ ისვენებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.
- 3ვიხსენებ ღმერთს და ვკვნესი, ვფიქრობ მასზე და უძლურდება ჩემი სული.
- 4თვალიც არ მომახუჭინე, შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.
- 5ვიგონებ ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს.
- 6ვიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ვფიქრობ გულში და სული ჩემი ეძებს პასუხს:
- 7ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მისურვებს?
- 8ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა და საუკუნოდ დასრულდა მისი აღთქმა?
- 9ნუთუ სამუდამოდ დაივიწყა ღმერთმა შებრალება? ნუთუ წყალობას დაგვიკავებს თავისი რისხვით?
- 10და ვთქვი: აი, ჩემი წუხილი - აღარ გვიდგება უზენაესის მარჯვენა დამცველად.
- 11გავიხსენებ უფლის საქმეებს, გავიხსენებ შენს ადრინდელ სასწაულებს.
- 12ჩავუკვირდები ყველა შენს საქმეს, დავფიქრდები შენს ნამოქმედარზე.
- 13ღმერთო! წმიდაა შენი გზა. რომელი ღმერთია ჩვენი ღმერთივით დიადი?
- 14შენა ხარ ღმერთი, სასწაულმოქმედი; შენ გამოავლინე შენი ძლიერება ერებს შორის.
- 15საკუთარი მკლავით გამოისყიდე შენი ერი - ძენი იაკობისა და იოსებისა.
- 16გიხილეს წყლებმა ღმერთო, გიხილეს წყლებმა და შეშინდნენ, უფსკრულნიც კი შეიძრნენ.
- 17წყლები ჩამოღვარეს ღრუბლებმა, იქუხეს ცებმა, აქეთ-იქით დაქროდნენ შენი ისრები.
- 18შენი ხმა გრგვინავდა ცის თაღზე - ელვამ გაანათა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა.
- 19ზღვაში გაიარა შენმა გზამ და ღრმა წყლებში - შენმა ბილიკმა და მაინც უცნობია შენი ნაკვალევი.
- 20ფარასავით მიუძღვებოდი შენს ხალხს მოსესა და აჰარონის ხელით.
იტვირთება შემდეგი თავი