ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 77

  1. 1
    ისმინე ჩემო ხალხო, ჩემი დარიგება; ყური მიაპყარით ჩემს ბაგეთა სიტყვებს.
  2. 2
    იგავებით გავხსნი პირს, ვიტყვი ძველ გამოცანებს.
  3. 3
    რაც გვსმენია და გაგვიგია, რაც უამბიათ ჩვენთვის ჩვენს მამებს.
  4. 4
    არ დავუმალავთ ამას მათ შვილებს, ვუამბობთ მომავალ თაობას უფლის დიდებას, მის ძლიერებას და სასწაულებს, რომელნიც მან მოიმოქმედა.
  5. 5
    მისცა იაკობს მოწმობა და დაუდგინა ისრაელს რჯული, რომელზეც უბრძანა ჩვენს მამებს, რომ ესწავლებინათ თავიანთი შვილებისთვის.
  6. 6
    რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომლებიც დაიბადებიან და გადასცენ თავიანთ შვილებს.
  7. 7
    რომ ღმერთზე დაამყარონ იმედი, არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი და დაიცვან მისი მცნებანი;
  8. 8
    არ დაემსგავსონ თავიანთი მამების ჯიუტსა და ურჩ თაობას, რომელმაც არ მოიმზადა გული და არ იყო ღვთისადმი ერთგული.
  9. 9
    ძენი ეფრემისა, მშვილდით შეიარაღებულნი, უკუიქცნენ ბრძოლის დღეს.
  10. 10
    არ დაიცვეს უფლის აღთქმა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.
  11. 11
    დაივიწყეს მისი საქმენი და სასწაული, მათ რომ უჩვენა.
  12. 12
    მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე.
  13. 13
    გააპო ზღვა და გაატარა მასში, კედელივით წამომართა წყლები.
  14. 14
    დღისით ღრუბლით მიუძღოდა და მთელი ღამე - ცეცხლის შუქით.
  15. 15
    კლდენი გააპო უდაბნოში და მისცა მათ წყალი, თითქოს ღრმა წყლის წყაროებიდან.
  16. 16
    ნაკადები გადმოადინა კლდისგან და მდინარეებივით წამოვიდნენ წყლები.
  17. 17
    ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, უდაბნოში აუჯანყდნენ უზენაესს.
  18. 18
    ცდიდნენ ღმერთს თავის გულში, საჭმელს მოითხოვდნენ თავისი სურვილისამებრ.
  19. 19
    ლაპარაკობდნენ ღმერთის წინააღმდეგ, ამბობდნენ: შეძლებს კი ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?
  20. 20
    აჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი, გადმოიღვარა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცსაც მისცემს თავის ხალხს?
  21. 21
    ესმა უფალს და განრისხდა; ცეცხლი აღინთო იაკობის წინააღმდეგ, რისხვა აღიმართა ისრაელზე.
  22. 22
    რადგან არ ერწმუნენ ღმერთს და არ მიენდნენ მის ხსნას.
  23. 23
    და მაინც უბრძანა მაღლიდან ღრუბლებს, გახსნა ცათა ბჭენი.
  24. 24
    გადმოაწვიმა მათზე მანნა საზრდოდ, ციური პური მისცა მათ.
  25. 25
    ანგელოზების პურს ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ გასაძღომად.
  26. 26
    აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და თავისი ძალით წარმართა სამხრეთის ქარი.
  27. 27
    მტვერივით აწვიმა მათზე ხორცი და ზღვის ქვიშასავით - ფრთოსანი ფრინველი.
  28. 28
    მათი ბანაკის შუაგულში, მათი საცხოვრებლის გარშემო ჩამოყარა.
  29. 29
    ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, შეუსრულა სურვილი მათი.
  30. 30
    მაგრამ ჯერ კიდევ არ გამძღარიყვნენ, ჯერ კიდევ პირში ჰქონდათ საჭმელი,
  31. 31
    რომ ღვთის რისხვა აღიძრა მათზე, ამოხოცა მათ შორის ძლიერნი და დაამხო ისრაელის ჭაბუკნი.
  32. 32
    და მაინც შესცოდეს კიდევ და არ ერწმუნენ მის სასწაულებს.
  33. 33
    ამაოებაში დაასრულა მათი დღენი და წლები მათი - ძრწოლით.
  34. 34
    როცა ხოცავდა, მაშინ ეძიებდნენ მას და კვლავ ბრუნდებოდნენ ღმერთთან.
  35. 35
    იხსენებდნენ, რომ ღმერთია მათი სიმაგრე და უზენაესი ღმერთია მათი გამომსყიდველი.
  36. 36
    ელაქუცებოდნენ პირით და ენით ეცრუებოდნენ მას.
  37. 37
    მტკიცე არ ყოფილა მათი გული და მის აღთქმას არ უერთგულეს.
  38. 38
    მაგრამ მან, გულმოწყალემ, შეუნდო ცოდვა და არ მოსპო ისინი, მრავალჯერ შეაბრუნა თავისი რისხვა და არ აღმდგარა მთელი თავისი გულისწყრომით.
  39. 39
    ახსოვდა, რომ ხორციელნი არიან ისინი - ქარი, რომელიც ჩაიქროლებს და აღარ ბრუნდება.
  40. 40
    რამდენჯერ გაჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას.
  41. 41
    კვლავაც სცდიდნენ უფალს და ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმიდას.
  42. 42
    არ ახსოვდათ მისი ხელი, არც ის დღე, როცა ჩაგვრისგან დაიხსნა ისინი.
  43. 43
    როცა თავის ნიშნებს ავლენდა ეგვიპტეში და საოცრებებს - ცოყანის ველზე.
  44. 44
    სისხლად გადააქცია მდინარეები და ნაკადულები მათი, რომ ვეღარ ესვათ.
  45. 45
    ბუზანკალი მიუსია მათ დასაკბენად და ბაყაყები, რომ გაენადგურებინათ.
  46. 46
    მუხლუხოს მისცა მათი მოსავალი და ნაჯაფი - კალიას.
  47. 47
    სეტყვით მოსრა მათი ვენახები და მოყინა ლეღვი.
  48. 48
    სეტყვას მისცა მათი პირუტყვი და მეხს - მათი ჯოგები.
  49. 49
    დაუშვა მათზე თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როცა წარმოგზავნა სიავის ანგელოზნი.
  50. 50
    გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო ისინი სიკვდილისგან და ჭირს გადასცა მათი სიცოცხლე.
  51. 51
    განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, თავიანთი სიძლიერის პირველნაყოფნი - ქამის კარვებში.
  52. 52
    ცხვარივით გამოიყვანა თავისი ხალხი და ფარასავით წარუძღვა უდაბნოში.
  53. 53
    უსაფრთხოდ უძღოდა მათ და არ ეშინოდათ, მათი მტრები კი ზღვამ დაფარა.
  54. 54
    მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთიან მხარეში, თავისი მარჯვენით რომ დაიმკვიდრა.
  55. 55
    განდევნა ხალხები მათ გამო, თავ-თავიანთი მამულები გაუნაწილა სამკვიდრებლად, თავიანთ კარვებში დაასახლა ისრაელის ტომები.
  56. 56
    კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ უზენაეს ღმერთს, არ დაიცვეს მისი მცნებანი.
  57. 57
    გზიდან უხვევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად, სხვა მხარეს იხრებოდნენ მოშვებული მშვილდივით.
  58. 58
    განარისხებდნენ თავისი მაღლობებით და კერპებით აღვიძებდნენ მის შურს.
  59. 59
    ისმინა ღმერთმა, რისხვით აღივსო და დიდად შეიძულა ისრაელი.
  60. 60
    მიატოვა შილოს სავანე, კარავი, სადაც მკვიდრობდა ადამიანთა შორის.
  61. 61
    ტყვეობას მისცა თვისი ძალა, თავისი მშვენება მტერს ჩაუგდო ხელში.
  62. 62
    მახვილს გადასცა თავისი ხალხი, ძლიერ განურისხდა თავის მემკვიდრეობას.
  63. 63
    მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა და მისმა ქალწულებმა ვერ ისმინეს საქორწილო სიმღერა.
  64. 64
    ხმლით დაეცნენ მისი მღვდლები და მათმა ქვრივებმა ვერ დაიტირეს ისინი.
  65. 65
    მაშინ გამოიღვიძა უფალმა, როგორც ძილისგან, როგორც ძლიერმა მეომარმა, ღვინისგან გამოფხიზლებულმა.
  66. 66
    და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამოდ შეურაცხყო ისინი.
  67. 67
    უარყო იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია.
  68. 68
    ამოირჩია იუდას ტომი და სიონის მთა, რომელიც უყვარს.
  69. 69
    ცასავით მაღალი აიშენა ტაძარი და დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა.
  70. 70
    ამოირჩია თავისი მსახური დავითი და ცხვრის ფარეხებიდან წამოიყვანა იგი.
  71. 71
    ცხვრის მწველავთაგან მოიყვანა ის, იაკობის - თავისი ხალხის და ისრაელის - თავისი სამკვიდრებლის სამწყემსად.
  72. 72
    და მწყემსავდა მათ წრფელი გულით და თავისი მარჯვე ხელებით უძღოდა მათ.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 77 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა