ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 78

  1. 1
    ღმერთო! ხალხები შემოიჭრნენ შენს სამკვიდრებელში, შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, ნანგრევებად აქციეს იერუსალიმი.
  2. 2
    შენი მსახურების გვამები ცის ფრინველებს მისცეს საჭმელად, შენი ერთგული ხალხის ხორცი - დედამიწის მხეცებს.
  3. 3
    წყალივით დაღვარეს მათი სისხლი იერუსალიმის გარშემო, და დამმარხავი არავინაა.
  4. 4
    სალანძღად გავხდით ჩვენი მეზობლებისთვის, მასხრად ასაგდები და დასაცინი - ჩვენ ირგვლივ მყოფთათვის.
  5. 5
    როდემდე იქნები, უფალო, განრისხებული? სამუდამოდ? როდემდე იგიზგიზებს ცეცხლივით შენი მოშურნეობა?
  6. 6
    გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, რომ არ გცნობენ და სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ მოუხმობენ.
  7. 7
    რადგან შეჭამეს იაკობი და გააპარტახეს მისი სადგომი.
  8. 8
    ნუ გაგვიხსენებ მამების ცოდვებს; მალე შეგვეგებოს შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავუძლურდით.
  9. 9
    გვიშველე, ჩვენი ხსნის ღმერთო, შენი სახელის სადიდებლად გადაგვარჩინე და შენი სახელის გამო შეგვინდე ჩვენი ცოდვები.
  10. 10
    რატომ უნდა თქვან ერებმა - სად არისო მათი ღმერთი? დაე, ცნობილი იყოს ჩვენს თვალწინ, ხალხებს შორის, რომ შენი მსახურების დაღვრილი სისხლის გამო შურს იძიებ.
  11. 11
    მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ. შენი მკლავის სიძლიერით დაიფარე სასიკვდილოდ განწირულნი.
  12. 12
    შვიდმაგად დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს მათ წიაღში ის დამცირება, რომლითაც შენ გამცირებდნენ უფალო.
  13. 13
    ჩვენ კი შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი, სამუდამოდ მოგიძღვნით ხოტბას და თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 78 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა