ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 79
- 1მწყემსო ისრაელისა, ყური მომაპყარ; წინ რომ უძღოდი იოსებს, როგორც ცხვარს. ქერუბებზე ამხედრებულო, გაბრწყინდი.
- 2ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე გამოავლინე შენი სიძლიერე და მოდი ჩვენს გადასარჩენად.
- 3ღმერთო, დაგვაბრუნე, დაე გაბრწინდეს სახე შენი და გადავრჩებით.
- 4უფალო, ძალთა ღმერთო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე?
- 5ცრემლიანი პურით გამოკვებე ისინი და ცრემლებს ცრემლებზე ასმევ.
- 6შუღლის მიზეზად გვაქციე მეზობლებს შორის და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ.
- 7უფალო, ძალთა ღმერთო, დაგვაბრუნე, დაე გაბრწყინდეს სახე შენი და გადავრჩებით.
- 8ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ერები და დარგე ის.
- 9მისთვის გაწმინდე ადგილი, გაადგმევინე ფესვები და აავსო ქვეყანა.
- 10მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა რტოებმა - მაღალი კედრები.
- 11ზღვამდე გაიტანა ლერწები და მდინარემდე - თავისი ყლორტები.
- 12რატომ დაანგრიე მისი ზღუდენი და ჰკრეფს მას ყოველი გზადგამვლელი?
- 13ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები საზრდოობენ მისით.
- 14ცაბაოთ ღმერთო, მობრუნდი! გადმოგვხედე ზეციდან, იხილე და მოხედე ამ ვაზს.
- 15გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, ყლორტი, შენთვის რომ განამტკიცე.
- 16ცეცხლით დაიწვა და გაიკაფა; შენი სახის რისხვით იღუპება ერი შენი.
- 17იყოს შენი ხელი, შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე, შენთვის რომ განამტკიცე;
- 18მაშინ ჩვენც აღარ განგიდგებით, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ.
- 19უფალო, ცაბაოთ ღმერთო, დაგვაბრუნე, დაე გაბრწყინდეს სახე შენი და გადავრჩებით.
იტვირთება შემდეგი თავი