ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 80
- 1უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, სიხარულით შეჰყიჟინეთ იაკობის ღმერთს.
- 2შემოსძახეთ სიმღერა და დაუკარით დაირა. ტკბილხმოვანი ქნარი ებანთან ერთად.
- 3ახალმთვარობისას ბუკს ჩაბერეთ, სავსე მთვარისას - ჩვენი დღესასწაულის დღეს.
- 4რადგან ეს არის ისრაელის წესი, იაკობის ღმერთის დადგენილება.
- 5მოწმობად დაუდგინა იოსებს, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან; მოვისმინე ენა, რომელიც არ ვიცოდი.
- 6ტვირთი მოვხსენი მის მხრებს, განთავისუფლდნენ გოდრისგან მისი ხელები.
- 7გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, ელვის საფარიდან გიპასუხე, მერიბას წყლებთან გამოგცადე.
- 8ისმინე ჩემო ხალხო და შენ წინააღმდეგ დავამოწმებ ისრაელო, თუ მომისმენ.
- 9არ იყოს შენში სხვა ღმერთი, თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს.
- 10მე, ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; პირი გააღე და მე აგივსებ მას.
- 11არ ისმინა ჩემმა ხალხმა ჩემი ხმა და არ დამემორჩილა ისრაელი.
- 12მეც მივუშვი ისინი, რომ ევლოთ თავიანთი გულის სიჯიუტით; იარონ თავიანთ ნებაზე.
- 13ნეტავ ჩემთვის მოესმინა ჩემს ხალხს და ჩემს გზაზე ევლო ისრაელს,
- 14მალე მოვდრეკდი მათ მტრებს და მათ მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი.
- 15ფეხქვეშ გაეგებოდნენ უფლის მოძულენი და ჟამი მათი სამარადისოდ გაგრძელდებოდა.
- 16ნოყიერი ხორბლით გამოვკვებავდი მათ და კლდის თაფლით გავაძღებდი.
იტვირთება შემდეგი თავი