ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 82
- 1ღმერთო, ნუ დადუმდები; ჩუმად ნუ იქნები და ნუ დამშვიდდები, ღმერთო!
- 2რადგან აგერ, ახმაურდნენ შენი მტრები და შენმა მოძულენმა თავი წამოყვეს.
- 3შენი ხალხის წინააღმდეგ საიდუმლოდ მზაკვრობენ და შენი საუნჯის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ.
- 4თქვეს: "მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენებოდეს სახელი ისრაელისა”.
- 5ერთსულოვნად მოითათბირეს, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა;
- 6ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგრელებმა;
- 7გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტიმელებმა ტვიროსელებთან ერთად.
- 8აშურიც მათ შეუერთდა და ძალა შეჰმატეს ლოტის ძეთ.
- 9ისე მოექეცი მათ, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევში;
- 10ყენდორში რომ განადგურდნენ, ნაკელად რომ იქცნენ მიწისთვის.
- 11ისე მოექეცი მათ დიდებულებს, როგორც ყორებს და როგორც ზეებს და როგორც ზევბახს, როგორც ცალმუნაყს და ყველა მათ მთავარს.
- 12რომელნიც ამბობდნენ, ჩვენთვის დავიმკვიდროთო უფლის საძოვრები.
- 13ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი ვითარცა მტვერი ქარბორბალაში, ვითარცა ნამჯა ქარში.
- 14როგორც ცეცხლი წვავს ტყეს და ალი ბუგავს მთებს,
- 15ისე დაედევნე მათ შენი ქარიშხლით და შენი გრიგალით შეაძრწუნე.
- 16სირცხვილით დაუფარე სახეები, რათა ეძიონ შენი სახელი, უფალო.
- 17შერცხვნენ და შეძრწუნდნენ სამუდამოდ, სირცხვილში დაიღუპონ.
- 18რათა შეიცნონ, რომ უფალია შენი სახელი და მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყანაზე.
იტვირთება შემდეგი თავი