ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 83
- 1რაოდენ სასურველია შენი სადგომები, ცაბაოთ უფალო!
- 2ნატრობს და ელტვის სული ჩემი უფლის ეზოებს, ჩემი გული და ჩემი სხეული ცოცხალ ღმერთს უმღერიან.
- 3ჩიტიც კი პოულობს ბინას და მერცხალი - ბუდეს, რომ შენს სამსხვერპლოებთან ჩასხას თვისი ბარტყები, უფალო ცაბაოთ, მეფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!
- 4კურთხეულ არიან შენს სახლში მკვიდრნი, განუწყვეტლივ გაქებენ ისინი.
- 5კურთხეულ არიან კაცნი, რომელთა ძლიერებაც შენშია, რომელთა გულშიც სიონისკენ მიმავალი გზაა.
- 6ხრიოკ ველზე გავლისას წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ შემოდგომის წვიმა.
- 7ძალიდან ძლიერებისკენ ივლიან, ღმერთის წინაშე გამოცხადდებიან სიონში.
- 8უფალო, ცაბაოთ ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა, ყური მომაპყარ, იაკობის ღმერთო.
- 9დაინახე, ჩვენო ფარო, ღმერთო და სახეში შეხედე შენს ცხებულს.
- 10რადგან ერთი დღე შენს ეზოებში სჯობს სხვაგან ათასს. ჩემი ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ, ბოროტების კარავში ბინადრობას.
- 11რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას იძლევა იგი, არანაირ სიკეთეს არ დაუკავებს უბიწოდ მოარულთ.
- 12ცაბაოთ უფალო! კურთხეულია კაცი შენზე მონდობილი.
იტვირთება შემდეგი თავი