ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 84

  1. 1
    უფალო, მოწყალე იყავი შენი ქვეყნის მიმართ, შენ აღადგინე კეთილდღეობა იაკობისა.
  2. 2
    შენ აპატიე შენს ხალხს დანაშაული, დაფარე ყველა მათი ცოდვა.
  3. 3
    შენ აგვარიდე შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი მრისხანება.
  4. 4
    აგვაღორძინე ღმერთო, ჩვენო მხსნელო და ნუღარ გაგვირისხდები.
  5. 5
    ნუთუ სამუდამოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს რისხვას ჩვენზე?
  6. 6
    ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენში გაიხაროს შენმა ხალხმა?
  7. 7
    გვიჩვენე უფალო, შენი სიკეთე და შენმიერი ხსნა გვიწყალობე.
  8. 8
    მე კი მოვისმენ თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ხალხზე, თავის წმიდანებზე და აღარ მიუბრუნდებიან სიბრიყვეს ღვთისმოსავნი.
  9. 9
    მართლაც ახლოა მისმიერი ხსნა მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში.
  10. 10
    წყალობა და ჭეშმარიტება შეხვდებიან ერთმანეთს, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს.
  11. 11
    ჭეშმარიტება აღმოცენდება დედამიწიდან, სიმართლე კი ზეციდან გადმოიხედავს.
  12. 12
    დიახ, სიკეთეს გვიბოძებს უფალი და ჩვენი მიწა თავის მოსავალს გამოიღებს.
  13. 13
    სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 84 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა