ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 85

  1. 1
    ყური მომაპყარ უფალო და მიპასუხე, რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ.
  2. 2
    დაიფარე ჩემი სიცოცხლე, რადგან ღვთისმოსავი ვარ; იხსენი შენი მსახური, ღმერთო ჩემო, რომელიც შენზეა მონდობილი.
  3. 3
    შემიწყალე, უფალო, რადგან შენ მოგიხმობ ყოველდღე.
  4. 4
    გაახარე შენი მსახური, რადგან შენკენ აღვაპყარ ჩემი სული, უფალო.
  5. 5
    რადგან, კეთილი და მიმტევებელი ხარ შენ, უფალო, და დიდად მოწყალე ყველასთვის, ვინც შენ მოგიხმობს.
  6. 6
    უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ყურად იღე ჩემი ვედრება,
  7. 7
    ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.
  8. 8
    არაა შენი მსგავსი ღმერთებს შორის, უფალო, და არც მსგავსი საქმეთა შენთა.
  9. 9
    შენ მიერ გაჩენილი ყოველი ერი მოვა და მოიდრიკება შენ წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს,
  10. 10
    რადგან დიადი და სასწაულმოქმედი ხარ, შენ ხარ ერთადერთი ღმერთი.
  11. 11
    შენი გზა მასწავლე უფალო და ვივლი შენს ჭეშმარიტებაში. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.
  12. 12
    ქებას მოგიძღვნი უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და უკუნისამდე განვადიდებ შენს სახელს,
  13. 13
    რადგან დიდია შენი სიკეთე ჩემს მიმართ, შენ გადამარჩინე შავეთის ქვესკნელისგან.
  14. 14
    ღმერთო, აღდგნენ ქედმაღალნი ჩემს წინააღმდეგ და მტარვალთა მთელი კრებული ეძიებს ჩემს სიცოცხლეს, რადგან დაგივიწყეს.
  15. 15
    შენ კი უფალო ღმერთო, შემწყალევ და მადლიანო, რისხვაში ნელი - ხოლო, წყალობასა და ჭეშმარიტებაში უხვი ხარ.
  16. 16
    მომხედე და შემიწყალე, მიეცი შენი ძალა შენს მორჩილს და იხსენი ძე შენი მხევლისა.
  17. 17
    სასიკეთო ნიშანი მიჩვენე, რათა იხილონ ჩემმა მოძულეებმა და შერცხვნენ, რადგან შენ შემეწიე და მანუგეშე უფალო.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 85 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა