ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 87
- 1უფალო, ჩემი ხსნის ღმერთო! შენ წინაშე ვღაღადებთ დღისით და ღამით.
- 2მოვიდეს შენ წინაშე ჩემი ლოცვა. ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.
- 3რადგან სიავით აივსო ჩემი სული და ჩემი სიცოცხლე საფლავს უახლოვდება.
- 4სამარეში ჩამავალთა შორის შევირაცხე. უძლური კაცივით შევიქენი;
- 5მკვდრებს შორის ჩაგდებული, როგორც სამარხში მწოლიარე მოკლულნი, რომლებიც აღარ გახსოვს, რადგან მოკვეთილნი არიან შენი ხელით.
- 6ქვესკნელის ორმოში მომათავსე, ბნელეთში, სიღრმეებში.
- 7შენი რისხვა დამატყდა თავს და ყველა შენმა ტალღამ ჩემზე გადაიარა.
- 8შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დატყვევებული ვარ და ვერ გამოვდივარ.
- 9თვალები მომექანცა ტანჯვით; ყოველდღე მოგიხმობდი, უფალო, შენკენ ვიწვდიდი ხელებს.
- 10განა მკვდრებისთვის ახდენ სასწაულს? განა მიცვალებულნი წამოდგებიან და შეგაქებენ?
- 11განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე - აბადონში?
- 12განა შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?
- 13მე კი უფალო, შენ გევედრები და დილდილობით ჩემი ლოცვა წინ გეგებება.
- 14უფალო, რად მიატოვე ჩემი სული, რატომ დამალე შენი სახე ჩემგან?
- 15ტანჯული ვარ და სიკვდილის პირას მყოფი ყრმობიდანვე, შენს შიშის ზარს ვზიდავ, უძლური ვარ.
- 16თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ, შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.
- 17მთელი დღე წყალივით გარს მივლიდნენ, ყველა ერთად მერტყმოდა გარს.
- 18შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, სიბნელეა - ჩემი ახლობელი.
იტვირთება შემდეგი თავი