ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 88

  1. 1
    მუდამ ვუგალობებ უფლის წყალობას, თაობიდან თაობას ვაცნობებ ჩემი ბაგით შენს ერთგულებას.
  2. 2
    რადგანაც ვთქვი: უკუნისამდეა დაფუძნებული შენი წყალობა და ცებშია განმტკიცებული შენი ერთგულება.
  3. 3
    შენ თქვი: აღთქმა დავუდე ჩემს რჩეულს, შევფიცე დავითს, ჩემს მსახურს:
  4. 4
    სამუდამოდ განვამტკიცებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს.
  5. 5
    ცანი განადიდებენ შენს საოცრებებს უფალო, და შენს ერთგულებას - წმიდანთა კრებულში.
  6. 6
    რადგან ვინ არის ცაში უფლის სადარი? ან ვინ არის უფლის მსგავსი ღვთის შვილებს შორის?
  7. 7
    დიდად საშიშია ღმერთი წმინდანთა კრებულში, შიშის მომგვრელია ის მის ირგვლივ მყოფთა შორის.
  8. 8
    უფალო, ცაბაოთ ღმერთო! ვინ არის შენებრ ძლევამოსილი უფალო? ძლიერი ხარ და ერთგულება გარტყავს გარშემო, უფალო!
  9. 9
    შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ.
  10. 10
    შენ შემუსრე რახაბი და მოკლულს დაამსგავსე; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.
  11. 11
    შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.
  12. 12
    ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შექმენი; თაბორი და ხერმონი სიხარულით აქებენ შენს სახელს.
  13. 13
    ძლიერია შენი მკლავი; ძლევამოსილია შენი ხელი და შემართულია მარჯვენა შენი.
  14. 14
    სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება დგანან შენ წინაშე.
  15. 15
    ნეტარია ხალხი, რომელიც სცნობს საზეიმო შეძახილს; შენი სახის სინათლეში ივლიან ისინი, უფალო;
  16. 16
    შენი სახელით ილხენენ მთელ დღეს და შენი სიმართლით მაღლდებიან.
  17. 17
    რადგან შენ ხარ მათი ძალის დიდება და შენი ნებით მომაღლდება ჩვენი რქა ღირსებისა.
  18. 18
    რადგან უფალია ჩვენი ფარი და ისრაელის წმიდა - მეფე ჩვენი.
  19. 19
    ოდესღაც ხილვაში ელაპარაკე შენს ერთგულებს და უთხარი: დახმარება ვუბოძე გმირს; ხალხში ავამაღლე რჩეული.
  20. 20
    ვპოვე დავითი, მსახური ჩემი და ჩემი წმიდა ზეთი ვცხე მას.
  21. 21
    ჩემი ხელი წარმართავს მას, და ჩემი მკლავი განამტკიცებს მას.
  22. 22
    მტერი ვერ დაჯაბნის მას და ურჯულო ვერ დაჩაგრავს.
  23. 23
    მის წინაშე შევმუსრავ მის მტრებს და მის მოძულეებს დავლახვრავ.
  24. 24
    ჩემი ერთგულება და წყალობა იქნება მასთან; ჩემი სახელით მომაღლდება მისი რქა ღირსებისა.
  25. 25
    ზღვას გადავაწვდენ მის ხელს და მდინარეებს - მის მარჯვენას.
  26. 26
    ის მომიხმობს: მამა ხარ ჩემი, ჩემი ღმერთი და ხსნის კლდე;
  27. 27
    მეც პირმშოდ დავადგენ მას, ქვეყნიერების მეფეებზე მეტად ავამაღლებ,
  28. 28
    უკუნისამდე შევუნახავ ჩემს წყალობას და ჩემი აღთქმა მტკიცე იქნება მისთვის.
  29. 29
    სამუდამოდ დავაფუძნებ მის შთამომავალს და მის ტახტს - ვითარცა ცათა დღეებს.
  30. 30
    თუ მიატოვებენ მისი ძენი ჩემს რჯულს და ჩემს სამართალს არ გაჰყვებიან,
  31. 31
    თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ დაიცავენ,
  32. 32
    კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით - შეცოდებას.
  33. 33
    მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ერთგულებას.
  34. 34
    არ დავარღვევ ჩემს აღთქმას და ჩემი პირით ნათქვამს არ შევცვლი.
  35. 35
    ერთხელ დავიფიცე ჩემი სიწმიდით: არ ვეცრუები დავითს.
  36. 36
    მარადჟამს იქნება მისი შთამომავალი და მისი ტახტი - როგორც მზე ჩემს წინაშე;
  37. 37
    მთვარესავით დაფუძნდება უკუნისამდე, როგორც ერთგული მოწმე ზეცაში.
  38. 38
    მაგრამ ახლა მიატოვე და უკუაგდე, განრისხდი შენს ცხებულზე.
  39. 39
    უგულებელჰყავი აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარცხე მისი გვირგვინი.
  40. 40
    მისი ყველა ზღუდე მოშალე, ნანგრევებად აქციე მისი სიმაგრენი.
  41. 41
    ძარცვავს მას ყველა გამვლელ-გამომვლელი, მეზობლების დასაცინი გახდა.
  42. 42
    მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი.
  43. 43
    მისი მახვილიც დააჩლუნგე და არ შეეწიე ბრძოლაში.
  44. 44
    გააცამტვერე მისი დიდება და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე.
  45. 45
    შეამოკლე დღენი მისი სიჭაბუკისა და სირცხვილით შემოსე იგი.
  46. 46
    როდემდე დაგვემალები უფალო, სამუდამოდ იგიზგიზებს ცეცხლივით შენი მრისხანება?
  47. 47
    გაიხსენე, რა ხანმოკლეა ჩემი სიცოცხლე, რა ამაოებისთვის შეჰქმენი ყოველი ძე კაცისა?
  48. 48
    ვინ არის კაცი, რომ იცოცხლოს და სიკვდილი არ იხილოს, თავი გადაირჩინოს საფლავისგან?
  49. 49
    სად არის შენი ადრინდელი წყალობა, უფალო, შენი ერთგულებით რომ შეჰფიცე დავითს?
  50. 50
    გაიხსენე უფალო, შენი მსახურების დამცირება, უბით რომ ვატარებდი ყველა ძლიერი ხალხისგან;
  51. 51
    როგორ ლანძღავენ შენი მტრები უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს.
  52. 52
    კურთხეულ იყოს უფალი უკუნისამდე. ამინ და ამინ!
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 88 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა