ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 89
- 1უფალო! შენა ხარ ჩვენი თავშესაფარი თაობიდან თაობამდე.
- 2ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, უსასრულობიდან უსასრულობამდე შენა ხარ ღმერთი.
- 3კვლავ მტვრად აქცევ ადამიანს და ეტყვი: დაბრუნდით, ადამის ძენო!
- 4რადგან ათასი წელი შენს თვალში, გუშინდელი, განვლილი დღესავით არის, როგორც ერთი საგუშაგო ღამისა.
- 5ღვართქაფივით გააქანებ მათ, სიზმარივით ჩაივლიან, ბალახივით, რომელიც ფერს იცვლის ყოველ დილით:
- 6დილას ჰყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება.
- 7რადგან დავილიეთ შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.
- 8თვალწინ გაქვს დადებული ჩვენი დანაშაულებანი და ჩვენი საიდუმლო ცოდვანი - შენი სახის სინათლეზე.
- 9რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ისე მიდის ჩვენი წლები, როგორც ერთი ამოსუნთქვა.
- 10ჩვენი დღეების რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; ამათგან კი უმეტესი ჯაფა და წუხილია, რადგან სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ.
- 11ვინ შეიცნო შენი რისხვის ძალა? შენი მრისხანება ისეთივე დიდია, როგორც შენდამი მოშიშება.
- 12გვასწავლე ჩვენი დღეების დათვლა, რომ გულს სიბრძნე შევძინოთ.
- 13მობრუნდი უფალო! როდემდე გაგრძელდება ასე? შეიბრალე შენი მსახურები.
- 14შენი წყალობით გაგვაძღე გარიჟრაჟზე, რათა სიხარულით ვიგალობოთ და ვიმხიარულოთ მთელი ჩვენი დღენი.
- 15გაგვამხიარულე იმ დღეთა წილ, რომ დაგვტანჯე, იმ წელთა წილ, სიავე რომ ვნახეთ.
- 16იხილონ შენმა მსახურებმა საქმენი შენი და შენი ბრწყინვალება - მათმა შვილებმა.
- 17დაე, იყოს უფლის კეთილგანწყობა ჩვენზე, საქმე ჩვენი ხელისა განგვიმტკიცე, დიახ, საქმე ჩვენი ხელისა განგვიმტკიცე.
იტვირთება შემდეგი თავი