ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1მთელი გულით მადლობას შემოგწირავ, უფალო, ვილაპარაკებ ყველა შენს სასწაულზე.
- 2ვიმხიარულებ და ვიხარებ შენით, შენს სახელს ვუმღერებ, უზენაესო,
- 3როცა მიიქცევიან ჩემი მტრები, წაიფორხილებენ და დაიღუპებიან შენ წინაშე.
- 4ვინაიდან შენ იდავე ჩემთვის და ჩემი სიმართლისთვის, ტახტზე დაბრძანდი, მართალო მსაჯულო.
- 5განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი და სამუდამოდ, სამარადისოდ ამოშალე მათი სახელი.
- 6გაქრა მტერი, საბოლოოდ გაპარტახდა, შენ დაანგრიე მათი ქალაქები და მათთან ერთად მოსპე მათი სახსენებელი.
- 7უფალი კი საუკუნოდ მკვიდრობს. სამართლისთვის დააფუძნა თავისი ტახტი.
- 8სიმართლით განიკითხავს იგი ქვეყნიერებას და მიუკერძოებლად გაასამართლებს ხალხებს.
- 9უფალი იქნება ჩაგრულის თავშესაფარი და დასაყრდენი გაჭირვების დროს.
- 10შენ მოგენდობიან შენი სახელის მცნობელნი, ვინაიდან არ მიატოვებ შენს მაძიებელს, უფალო.
- 11უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრთ, აუწყეთ ერებს მისი საქმენი.
- 12რადგან ის მოიკითხავს მათ სისხლს, ახსოვს ისინი, არ დავიწყებია ჩაგრულთა გოდება.
- 13შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემს მოძულეთაგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან,
- 14რათა შენი ყოველი ქება განვაცხადო სიონის ასულის კარიბჭესთან და შენმიერი ხსნით ვილხინო.
- 15თავიანთ ამოთხრილ ორმოში ჩაცვივდნენ ერები, მათ მიერვე დაგებულ ბადეში გაება მათი ფეხი.
- 16გაცხადდა უფალი, სამართლის მოქმედი, უმართლო თავისი ხელით დაგებულ მახეში გაება.
- 17შავეთს დაუბრუნდებიან ბოროტეულნი, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.
- 18ვინაიდან სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, არც ტანჯულთა იმედი დაიღუპება სამარადისოდ.
- 19აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენ წინაშე.
- 20შიშის ზარი დაეცი მათ, უფალო. დაე, იცოდნენ ერებმა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები არიან ისინი.
- 21რატომ დგახარ შორს, უფალო? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს.
- 22ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
- 23რადგან თავისი გულის ავხორცობით ტრაბახობს ბოროტი, ანგარების მოყვარული კი წყევლის და უარყოფს უფალს.
- 24თავისი ქედმაღლობის გამო არ ეძებს ღმერთს ბოროტი; მისი აზრით, არ არსებობს ღმერთი.
- 25წარმატებულია თავის ყველა გზაზე; მიუწვდომელია შენი სასამართლო მისთვის, სულის შებერვით ამარცხებს თავის მტრებს.
- 26ამბობს თავის გულში: "არ წავიფორხილებ, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე”.
- 27წყევლით, თაღლითობითა და სიცრუითაა სავსე მისი პირი; სიმრუდე და ბოროტებაა მის ენაზე.
- 28ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, საწყალს უთვალთვალებს მისი თვალი,
- 29საფარში დაუდარაჯდება, შამბნარში ჩასაფრებული ლომივით. ელოდება ღარიბს, რომ მოიტაცოს და მოიტაცებს, როგორც კი მის ბადეში გაებმება.
- 30მოიზნიქება, გაწვება და თავის ბრჭყალებში მოაქცევს საწყალს.
- 31ამბობს თავის გულში: "დაივიწყა ღმერთმა, სახე დამალა, რომ აღარასოდეს იხილოს”.
- 32აღსდექ, უფალო, აღმართე ხელი, ღმერთო, და ნუ დაივიწყებ ჩაგრულს.
- 33როდემდე უნდა შეურაცხჰყოს ღმერთი უკეთურმა? ამბობდა გულში, არ მომკითხავსო ღმერთი!
- 34მაგრამ შენ ხედავ, ხედავდი წყენასა და შევიწროებას, რათა შენი ხელით მიაგო სამაგიერო, შენ განდობს თავს ჩაგრული და შემწე ხარ ობლისა.
- 35მკლავი გადაუმტვრიე ბოროტსა და უკეთურს, ისე მოჰკითხე მათი ბრალის გამო, რომ აღარაფერი დარჩეს მოსაკითხი.
- 36მარადიული მეფეა უფალი, საუკუნო, აღიგავნენ ერები მისი მიწიდან.
- 37ისმინა უფალმა თავმდაბალთა წადილი, გულს განუმტკიცებს მათ და ყურს მიაპყრობს მოსასმენად;
- 38სამართალი გაუჩინე ობოლს და ჩაგრულს, რომ ვეღარ დათესონ ადამიანებმა შიში ქვეყანაზე.
იტვირთება შემდეგი თავი