ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 93
- 1ღმერთო შურისგებისა, უფალო, ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი.
- 2აღსდექ, მსაჯულო ქვეყნიერებისა, საზღაური მიაგე ამპარტავნებს.
- 3როდემდე ილხინონ ბოროტებმა უფალო, როდემდე ილხინონ ბოროტებმა?
- 4სიტყვებს აფრქვევენ ქედმაღლურად, ტრაბახობენ სიავის მოქმედნი.
- 5ჩაგრავენ შენს ხალხს უფალო, ტანჯავენ შენს სამკვიდროს.
- 6ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს კლავენ.
- 7ამბობენ: "ვერ დაინახავს უფალი და ვერც გაიგებს იაკობის ღმერთი”.
- 8გონს მოდით, უგუნურნო ხალხს შორის; ბრიყვნო, როდისღა დაბრძენდებით?
- 9განა ვერ მოისმენს ყურის შემქმნელი? განა ვერ დაინახავს თვალის შემქმნელი?
- 10განა ვერ ამხელს ერთა შემგონებელი - ის, ვინც აწვდის ადამიანს ცოდნას?
- 11უფალმა იცის ადამიანთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.
- 12ნეტარია კაცი, რომელსაც წვრთნი უფალო, და ასწავლი შენს რჯულს.
- 13რათა მოასვენო ავი დღეებისგან, ვიდრე ორმო გაეთხრებოდეს ბოროტეულს.
- 14რადგან არ მიატოვებს უფალი თავის ხალხს და თავის სამკვიდროს არ დატოვებს.
- 15რადგან სიმართლე დაუბრუნდება სამართალს და მას გაჰყვებიან გულმართალნი.
- 16ჩემ გამო ვინ აღუდგება ბოროტმოქმედებს? მხარში ვინ ამომიდგება სიავის მქმნელთა წინააღმდეგ?
- 17უფალი რომ არ დამხმარებოდა, ცოტაც და, დასახლდებოდა ჩემი სული დუმილის ქვეყანაში.
- 18როდესაც ვთქვი: მომიცურდა-მეთქი ფეხი, შენმა წყალობამ გამამაგრა უფალო.
- 19როცა საზრუნავით მევსება გული, შენი ნუგეში ამხიარულებს ჩემს სულს.
- 20ნუთუ შეკრავს შენთან კავშირს უკუღმართობის ტახტი, შენი რჯულის საწინააღმდეგოდ რომ სჩადის უსამართლობას?
- 21ილაშქრებენ მართლის სულზე და მსჯავრს დასდებენ უდანაშაულო სისხლს,
- 22მაგრამ უფალია ჩემი სიმაგრე, ღმერთია ჩემი თავშესაფრის კლდე.
- 23მათ დაუბრუნებს მათივე დანაშაულს და მათივე ბოროტებისთვის მოსპობს მათ; უფალი, ჩვენი ღმერთი მოსპობს მათ.
იტვირთება შემდეგი თავი