ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015
იტვირთება წინა თავი
თავი 96
- 1უფალი მეფობს. ილხინოს ქვეყნიერებამ, გაიხაროს მრავალმა კუნძულმა!
- 2ღრუბელით და ნისლით არის გარემოცული უფალი; სიმართლესა და სამართალზეა დაფუძნებული მისი ტახტი.
- 3მის წინ დადის ცეცხლი და სწვავს მის მტრებს ყოველი მხრიდან.
- 4მისი ელვანი სამყაროს ანათებენ, ხედავს დედამიწა და თრთის.
- 5ცვილივით დადნა მთები უფლის წინაშე, მთელი ქვეყნიერების უფლის წინაშე.
- 6ცანი ღაღადებენ მის სიმართლეს და ყველა ხალხი ხედავს მის დიდებას.
- 7შერცხვეს ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება და კერპებით ტრაბახობს; მდაბლად ეცით მას თაყვანი, ყოველნო ღმერთნო.
- 8ესმა სიონს და გაიხარა. ხარობდნენ იუდას ასულები, შენ სამართალთა გამო, უფალო!
- 9რადგან, შენ უფალო, უზენაესი ხარ მთელ ქვეყნიერებაზე, ფრიად აღზევებული ყველა ღმერთზე.
- 10შეიძულეთ ბოროტება, უფლის მოყვარულნო; ის იცავს მის წმიდათა სიცოცხლეს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.
- 11სიმართლემ გამოანათა მართალთათვის და გულით წრფელთათვის - მხიარულებამ.
- 12იხარეთ მართალნო უფლით და მადლობა შესწირეთ მის წმიდა სახელს.
იტვირთება შემდეგი თავი