ფსალმუნები — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015

იტვირთება წინა თავი

თავი 98

  1. 1
    უფალი მეფობს - ათრთოლდნენ ხალხები! ქერუბებზეა ამხედრებული - შეიძრას დედამიწა.
  2. 2
    დიდია უფალი სიონში და ამაღლებულია ყველა ხალხზე.
  3. 3
    აქონ შენი დიადი და საშიში სახელი, რადგან წმიდაა იგი.
  4. 4
    ძლევამოსილია მეფე და უყვარს სამართალი; შენ დაამკვიდრე მიუკერძოებლობა; სამართალი, სიმართლე აღასრულე იაკობში.
  5. 5
    აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის ფერხთა საყრდენს - წმიდაა იგი.
  6. 6
    მის მღვდლებს შორის იყვნენ მოსე და აჰარონი, სამუელი მათ შორის იყო, ვინც მის სახელს მოუხმობდა. ისინი მოუხმობდნენ უფალს და ის პასუხობდა მათ.
  7. 7
    ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკებოდა მათ; დაიცვეს მათ მისი მოწმობანი და დადგენილებანი - მათთვის მიცემული.
  8. 8
    უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ პასუხობდი მათ; მიმტევებელი ღმერთი იყავი მათთვის, მაგრამ შურისმგებელიც მათ დანაშაულთა გამო.
  9. 9
    აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის წმიდა მთაზე, რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი.
იტვირთება შემდეგი თავი
ფსალმუნები 98 — ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015 · სიტყვა