მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985

იტვირთება წინა თავი

თავი 10

  1. 1
    ეს არის იმ თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული და ანდრია მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე,
  2. 2
    ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობ ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი.
  3. 3
    სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
  4. 4
    ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, ამცნო და უთხრა: წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიტელთა ქალაქში არ შეხვიდეთ;
  5. 5
    არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.
  6. 6
    წახვალთ რა, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია სასუფეველი ცათა;
  7. 7
    სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ; უსასყიდლოდ მიიღეთ - უსასყიდლოდ გაეცით.
  8. 8
    ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენს სარტყლებში,
  9. 9
    ნურც ფუთას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც კვერთხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია.
  10. 10
    რომელ ქალაქშიც ან სოფელშიც შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ,
  11. 11
    სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: მშვიდობა ამ სახლს.
  12. 12
    და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ.
  13. 13
    ხოლო ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ სახლიდან ანდა ქალაქიდან გამოსვლისას დაიბერტყეთ მტვერი თქვენი ფეხებიდან.
  14. 14
    ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორის მიწისათვის უფრო ადვილი იქნება სამსჯავროს დღეს, ვიდრე იმ ქალაქისათვის.
  15. 15
    აი, მე გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უბრალონი, როგორც მტრედნი.
  16. 16
    მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამსჯავროებში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ.
  17. 17
    წაგიყვანენ მმართველებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათ და წარმართთა მიმართ დასამოწმებლად.
  18. 18
    ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა ან როგორ ილაპარაკოთ, ვინაიდან იმ ჟამს მოგეცემათ, რაც უნდა ილაპარაკოთ;
  19. 19
    ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
  20. 20
    ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს; და აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
  21. 21
    და იქნებით მოძულებულნი სუყველასგან ჩემი სახელის გამო; ხოლო ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.
  22. 22
    როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისაკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ ძე კაცისას მოვა.
  23. 23
    მოწაფე მასწავლებელზე მაღლა არაა, არც მონა - თავის ბატონზე მაღლა.
  24. 24
    საკმარისია მოწაფისათვის - ისეთი იყოს, როგორც მისი მასწავლებელი და მონისათვის - როგორც მისი ბატონი, თუ სახლის პატრონს ბელზებული დაარქვეს, მით უფრო მისი ოჯახის წევრებს.
  25. 25
    ამიტომ ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება და საიდუმლო, რომელიც არ შეიტყობა.
  26. 26
    რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ყურით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ.
  27. 27
    ნუ გეშინია მათი, ვინც სხეულს კლავს, მაგრამ სულის მოკვლა არ ძალუძს. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.
  28. 28
    განა ორი ბეღურა ასარად არ იყიდება? და არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე.
  29. 29
    თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია.
  30. 30
    ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესი ხართ.
  31. 31
    ყოველს, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
  32. 32
    და რომელიც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
  33. 33
    ნუ გგონიათ ვითომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი; არა მშვიდობის, არამედ მახვილის მოსატანად მოვედი.
  34. 34
    რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამასაგან, ასული - თავის დედასაგან და რძალი - თავის დედამთილისაგან.
  35. 35
    და კაცის მტრები იქნებიან მისი ოჯახის წევრები.
  36. 36
    ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ქალიშვილი ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი;
  37. 37
    და ვინც არ იღებს თავის ჯვარს და არ მომყვება მე, იგი არ არის ჩემი ღირსი.
  38. 38
    თავის სულის გამფრთხილებელი, დაკარგავს მას; ხოლო თავის სულის დამკარგველი ჩემთვის, პოვებს მას.
  39. 39
    ვინც თქვენ გღებულობთ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს წარმომგზავნელს ღებულობს.
  40. 40
    ვინც წინასწარმეტყველს ღებულობს წინასწარმეტყველის სახელით, მიიღებს წინასწარმეტყველის საზღაურს, და ვინც მართალს ღებულობს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს.
  41. 41
    და რომელიც დაალევინებს ერთს ამ მცირეთაგანს მხოლოდ ერთ სასმის ცივ წყალს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ის არ დაკარგავს თავის საზღაურს.
  42. 42
    და იყო, როცა დაამთავრა იესომ თავისი თორმეტი მოწაფის დარიგება, იქიდან წავიდა მათ ქალაქებში სასწავლებლად და საქადაგებლად.
იტვირთება შემდეგი თავი