მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985

იტვირთება წინა თავი

თავი 11

  1. 1
    ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს მოქმედებანი და თავისი მოწაფეები გაუგზავნა,
  2. 2
    რომ ეთქვათ მისთვის: შენ ხარ ის, რომელიც უნდა მოვიდეს, თუ სხვას ველოდოთ?
  3. 3
    იესომ უთხრა მათ პასუხად: წადით მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ.
  4. 4
    ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
  5. 5
    და ნეტარ არს, ვინც არ შეცდება ჩემში.
  6. 6
    როცა ისინი მიდიოდნენ, იესომ დაიწყო ლაპარაკი ხალხთან იოანეს შესახებ: რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?
  7. 7
    მაშ, რისთვის გახვედით? რბილი ტანსაცმლით შემოსილი კაცის სანახავად? რბილი ტანსაცმლით შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან.
  8. 8
    მაშ, რისთვის გამოხვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც.
  9. 9
    ვინაიდან ეს არის იგი, რომლის შესახებაც დაწერილია: აი, მე ვგზავნი შენი სახის წინ ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინ.
  10. 10
    ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი; მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია.
  11. 11
    იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალით იღება, ხოლო მოძალადენი წარიტაცებენ მას.
  12. 12
    ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და სჯული წინასწარმეტყველებდნენ იოანემდე.
  13. 13
    და თუ გსურთ მიღება, იგი არის ილია, რომელიც უნდა მოვიდეს.
  14. 14
    ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
  15. 15
    მაგრამ ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და მიმართავენ სხვებს, ამხანაგებს
  16. 16
    და ეუბნებიან: სალამურს ვუკრავდით თქვენთვის და არ ცეკვავდით, ვგოდებდით და არ დამწუხრდით.
  17. 17
    ვინაიდან მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.
  18. 18
    მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობენ: აი კაცი რომელსაც უყვარს ჭამა და ღვინის სმა, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი. და გამართლებულია სიბრძნე მისი საქმეებით.
  19. 19
    მაშინ მან იწყო იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალთაქმედებანი, იმის გამო, რომ მათ არ მოინანიეს.
  20. 20
    ვაი შენ ქორაზინ, და ვაი შენ ბათსაიდა! ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხანია ძაძებსა და ნაცარში მოინანიებდნენ.
  21. 21
    მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსისა და სიდონისათვის უფრო ადვილი იქნება სამსჯავროს დღეს, ვიდრე თქვენთვის.
  22. 22
    შენ კი, კაპერნაუმ, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი, რომლებიც შენში მოხდა, იგი ამ დღემდე დარჩებოდა.
  23. 23
    ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის მიწისათვის უფრო ადვილი იქნება სასამართლოს დღეს, ვიდრე შენთვის.
  24. 24
    იმ დროს იესო განაგრძობდა ლაპარაკს და თქვა: გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, რამეთუ დაფარე ეს ბრძენთა და გონიერთაგან და განუცხადე ჩვილებს.
  25. 25
    ჰეი, მამაო! ვინაიდან ასეთი იყო შენი სათნოება.
  26. 26
    ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე, და არავინ იცნობს ძეს გარდა მამისა; არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და ვისაც ძეს სურს განუცხადოს.
  27. 27
    მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე დაგამშვიდებთ თქვენ.
  28. 28
    აიღეთ თქვენზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და პოვებთ სულის სიმშვიდეს.
  29. 29
    ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი.
  30. 30
    იმ დროს იესომ გაიარა დათესილ ყანებში შაბათ დღეს. ხოლო მის მოწაფეებს შიოდათ, იწყეს თავთავების ფშვნეტა და ჭამა.
იტვირთება შემდეგი თავი