მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას: აი, შენი მოწაფეები აკეთებენ, რის გაკეთებაც შაბათს არ შეიძლება.
- 2მან კი უთხრა მათ: ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მასთან მყოფთ?
- 3როგორ შევიდა ღმერთის სახლში და ჭამა წინადაგების პური, რომელიც არ უნდა ეჭამა არც მას, არც მასთან მყოფთ, მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს?
- 4ანდა არ ამოგიკითხავთ სჯულის წიგნში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი არიან?
- 5მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია.
- 6თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, - მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უდანაშაულოებს.
- 7ვინაიდან შაბათის უფალი არის ძე კაცისა.
- 8და იქიდან წასული მივიდა მათ სინაგოგაში.
- 9და აი კაცი, გამხმარი ხელით და ჰკითხეს მას, რომ ბრალი დაედოთ მისთვის: შეიძლება თუ არა განკურნება შაბათობით?
- 10ხოლო მან უთხრა მათ: რომელიმეს თქვენს შორის, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს, შაბათს თუ ორმოში ჩაუვარდა, ხელს არ მოჰკიდებს და არ ამოიყვანს?
- 11ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს კეთილის გაკეთება.
- 12მაშინ უთხრა იმ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მან გაიწოდა და ისევ ჯანმრთელი გახდა, როგორც მეორე სხვა.
- 13ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, რომ დაეღუპათ იგი. იესომ შეატყო და იქაურობას გაშორდა.
- 14დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა მან.
- 15და აუკრძალა მათ მისი გახმაურება.
- 16რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
- 17აი, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელშიც ჩემი სულის სათნოებაა; ჩემს სულს დავდებ მასზე, და ის გამოუტანს სასამართლოს წარმართებს.
- 18არ იდავებს და არც იყვირებს, და ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას.
- 19გადატეხილ ლერწამს არ გატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სასამართლოს გამარჯვებამდე არ მიიყვანს.
- 20და მის სახელზე დაიმედდებიან ხალხები.
- 21მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეული ბრმა და მუნჯი; და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა.
- 22მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: ეს ხომ არაა დავითის ძე?
- 23მაგრამ ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ეს ვერ განდევნის ეშმაკებს, თუ არა ეშმაკთა მთავრით ბელზებულით.
- 24მაგრამ იესომ იცოდა რა მათი აზრი, უთხრა: ყოველი სამეფო, დაყოფილი თავისავე წინააღმდეგ, გაპარტახდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც დაიყოფა თავისავე წინააღმდეგ, ვერ გაძლებს.
- 25და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისავე წინააღმდეგ დაიყოფა; როგორ გაძლებს მისი სამეფო?
- 26და თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.
- 27და თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულია თქვენთან ღმერთის სასუფეველი.
- 28ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და მაშინ გაძარცვავს მის სახლს.
- 29ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია; და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევს.
- 30ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.
- 31ვინც სიტყვას იტყვის ძე კაცისას წინააღმდეგ, მას მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, მას არ მიეტევება არც ამ წუთისოფელში, არც მომავალში.
- 32ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც; ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც; ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა.
- 33იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტნი ხართ? რადგან გულში მოჭარბებულს პირი ლაპარაკობს.
- 34კეთილი კაცი კეთილი საუნჯიდან კეთილს გამოიღებს; ბოროტი კაცი კი ბოროტი საუნჯიდან ბოროტს გამოიღებს.
- 35თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი უქმი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, ისინი პასუხს აგებენ სამსჯავროს დღეს;
- 36ვინაიდან შენი სიტყვებით იქნები გამართლებული და შენი სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული.
- 37მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უპასუხა: მოძღვარო, გვინდა ვნახოთ შენგან ნიშანი.
- 38ხოლო მან მიუგო პასუხად: ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.
- 39ვინაიდან როგორც იონა იყო თევზის მუცელში სამ დღეს და სამ ღამეს, ასევე ძე კაცისა იქნება სამ დღეს და სამ ღამეს დედამიწის გულში.
- 40ნინევიელები აღდგებიან სასამართლოზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დაადებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგების გამო; და აი, აქ არის იონაზე დიდი.
- 41სამხრეთის დედოფალი აღდგება სასამართლოზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავს დაადებს მას, ვინაიდან იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად; და აი, აქ არის სოლომონზე დიდი.
- 42როცა არაწმინდა სული გამოვა ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს.
- 43მაშინ ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; რომ მივა, პოულობს მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს.
- 44მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდს სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი პირველზე უარესი ხდება. ასე მოუვა ამ ბოროტ მოდგმასაც.
- 45როცა ის ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა ხალხს, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელთაც მასთან ლაპარაკი სურდათ.
- 46ვიღაცამ უთხრა მას: აი, შენი დედა და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ.
- 47მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: ვინ არის ჩემი დედა და ვინ არიან ჩემი ძმები?
- 48თავისი ხელით აჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: აი ჩემი დედა და ჩემი ძმები.
- 49ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს შეასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.
- 50იმ დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და დაჯდა ზღვასთან.
იტვირთება შემდეგი თავი