მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. ისე, რომ იგი შევიდა და ჩაჯდა ნავში, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა.
- 2ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ეუბნებოდა: აი, გამოვიდა მთესველი დასათესად.
- 3თესვისას ზოგი გზასთან დავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს ის.
- 4ზოგი კლდოვანზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო; და მალე აღმოცენდა, ვინაიდან მიწის სიღრმე არ ჰქონდა.
- 5ხოლო როცა მზე ამოვიდა, დაჭკნა და რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
- 6ზოგი ეკლებში ჩავარდა, გაიზარდნენ ეკლები და მოაშთეს ისინი.
- 7ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი.
- 8ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს!
- 9მიუახლოვდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?
- 10მან პასუხად უთხრა მათ: იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ იცოდეთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებანი, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული.
- 11ვინაიდან, ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება უხვად, და ვისაც არა აქვს - ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
- 12იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და არ გაეგებათ.
- 13და სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, თვალით უყურებთ და ვერ დაინახავთ.
- 14ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თავიანთი თვალები, რომ არ დაინახონ თვალით, და არ მოისმინონ ყურით, და არ გაიგონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
- 15ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ;
- 16ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და წმიდანს სურდა ენახა, ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინეს.
- 17ხოლო თქვენ მოისმინეთ მთესველის იგავი.
- 18ყოველს, ვისაც ესმის სიტყვა სასუფევლის შესახებ და გონებით არ ჩასწვდება, მიუხდება ბოროტი და მოსტაცებს მის გულში დათესილს: აი, რას ნიშნავს გზასთან დათესილი.
- 19ხოლო კლდოვან ადგილებზე დათესილი ეს არის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას;
- 20მაგრამ ფესვები არ გააჩნია თავისში და ხანმოკლე არის. რაჟამს დგება ჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება.
- 21ხოლო ეკლებში დათესილი ეს არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცთური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქნება.
- 22ხოლო კეთილ მიწაზე დათესილი ეს არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი; ისე, რომ ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგი ოცდაათს.
- 23მათ სხვა იგავი შესთავაზა მან და უთხრა: სასუფეველი ცათა ჰგავს ადამიანს, რომელიც კარგ თესლს თესავს თავის მინდორში;
- 24როცა ხალხს ეძინათ, მოვიდა მისი მტერი, ხორბალთან ღვარძლი ჩათესა და წავიდა;
- 25ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.
- 26მივიდნენ მონები და უთხრეს სახლის პატრონს: ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს მინდორში? საიდანღა აქვს ღვარძლი?
- 27მან კი უთხრა მათ: მტერმა კაცმა გააკეთა ეს. ხოლო მონებმა უთხრეს მას: გინდა წავიდეთ და გამოვარჩიოთ ისინი?
- 28მაგრამ მან უთხრა: არა, რომ ღვარძლის გამორჩევისას მასთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ.
- 29გაუშვით, ერთად იზარდონ ორივე მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ.
- 30სხვა იგავი შესთავაზა მან და უთხრა მათ: სასუფეველი ცათა წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის მინდორში;
- 31რომელიც ყოველნარ თესლზე მცირეა, მაგრამ როდესაც იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდია და ხე ხდება, ისე რომ მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებში შეაფარებენ თავს.
- 32მერე სხვა იგავი უთხრა მათ: სასუფეველი ცათა წააგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და დამალა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად გაფუვდებოდა.
- 33ყოველივე ამას იგავებით ელაპარაკებოდა იესო ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ელაპარაკებოდა მათ.
- 34რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: იგავებით გავხსნი ჩემს პირს; წარმოვთქვამ, რაც დასაბამიდან დაფარულია.
- 35მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და სახლში შევიდა. მიუახლოვდნენ მას მოწაფეები და უთხრეს: აგვიხსენი ჩვენ მინდვრის ღვარძლის იგავი.
- 36მან კი პასუხად მიუგო: კეთილი თესლის მთესველი არის ძე კაცისა.
- 37მინდორი კი არის მსოფლიო; კეთილი თესლი - ეს სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - ბოროტის ძენი.
- 38ხოლო მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი; მკა კი არის წუთისოფლის აღსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან.
- 39ამიტომ, როგორც ღვარძლებს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება წუთისოფლის დასასრულს.
- 40ვინაიდან გამოგზავნის ძე კაცისა თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ მაცდურობას და უსჯულოების მოქმედს.
- 41და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში; იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
- 42მაშინ მართალნი გაბრწყინდებიან, როგორც მზე, თავიანთი მამის სასუფეველში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
- 43სასუფეველი ცათა წააგავს საუნჯეს, მინდორში დაფარულს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, მისი სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც გააჩნია, და ყიდულობს იმ მინდორს.
- 44კიდევ: სასუფეველი ცათა წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს.
- 45და როდესაც იპოვა ერთი ძვირფასი მარგალიტი, იგი წავიდა, გაყიდა, რაც გააჩნდა, და იყიდა იგი.
- 46კიდევ: სასუფეველი ცათა წააგავს ბადეს, რომელიც ზღვაში იყო გადაგდებული და ყოველი ჯიშის თევზი შეაგროვა.
- 47რომელიც, როცა გაივსო, გამოიტანეს ნაპირზე, დასხსნენ, კარგები ჭურჭლებში მოაგროვეს, ხოლო ცუდები გარეთ გადაყარეს.
- 48ასევე იქნება წუთისოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და გამოაცალკევებენ ბოროტებს მართლებისაგან.
- 49და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში: იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
- 50თუ გაიგეთ ყოველივე ეს? დიახ, უთხრეს მას.
- 51მან კი უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი.
- 52და იყო: დაასრულა იესომ ეს იგავები, წავიდა იქიდან.
- 53მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ თავიანთ სინაგოგაში, ისე რომ მათ უკვირდათ და ამბობდნენ: საიდან აქვს მას ეს სიბრძნე და ძალთაქმედებანი?
- 54ეს ხუროს ძე არ არის? დედამისს მარიამი არა ჰქვია, მის ძმებს კი იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა?
- 55ხოლო მისი დები განა ყველანი ჩვენს შორის არ არიან? საიდან აქვს ამას ყოველივე ეს?
- 56და შებრკოლდნენ მის გამო. იესომ კი უთხრა მათ: წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატივცემულო, გარდა თავის მშობლიურ ქალაქსა და თავის სახლში.
- 57და არ მოუხდენია იქ ბევრი ძალთაქმედებანი მათი ურწმუნოების გამო.
- 58იმ დროს მოესმა მეოთხედმთავარს - ჰეროდეს იესოს ამბავი.
იტვირთება შემდეგი თავი