მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 9
- 1და აი, მოუყვანეს მას ლოგინში მწოლიარე დავრდომილი. იესომ, იხილა რა რწმენა მათი, უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მიგეტევა შენი ცოდვები.
- 2ამასთან ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა: ეს გმობს.
- 3იესომ კი, იცოდა მათი აზრები და უთხრა: რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს?
- 4რა უფრო ადვილია, თქმა: შენი ცოდვები მიგეტევა, თუ თქმა: წამოდექი და გაიარე?
- 5ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას დედამიწაზე აქვს ცოდვების მიტევების ძალაუფლება, - მაშინ ეუბნება დავრდომილს: ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში.
- 6ის წამოდგა და წავიდა თავის სახლში.
- 7ამის დამნახავ ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.
- 8იქიდან რომ გაიარა, იესომ დაინახა კაცი, რომელიც საბაჟოსთან იჯდა, სახელად მათე, და უთხრა მას, გამომყევი მე. წამოდგა და გაჰყვა მას.
- 9და იყო: როცა ის სუფრასთან იჯდა სახლში, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და დაჯდა იესოს და მისი მოწაფეების გვერდით.
- 10ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა უთხრეს მის მოწაფეებს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან?
- 11ხოლო მან გაიგონა ეს და უთხრა მათ: მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ.
- 12წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მინდა და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსაწოდებლად მოვედი.
- 13მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?
- 14უთხრა მათ იესომ: განა შეუძლიათ გლოვა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ მოვლენ დღენი, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ.
- 15ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს საკერებელს ახალი ქსოვილისაგან, ვინაიდან ახლად დაკერებული მოხევს სამოსელისაგან და ნახვრეტი უარესი გახდება.
- 16არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, სხვაგვარად ტიკები სკდება, ღვინო იქცევა და ტიკებიც იღუპება, არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება.
- 17როცა მათ ამას ელაპარაკებოდა, მასთან მივიდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი ქალიშვილი მოკვდა ახლა; მაგრამ მოდი, შენი ხელი დაადე მას და გაცოცხლდება.
- 18წამოდგა იესო, გაჰყვა მას და მისი მოწაფეებიც მასთან.
- 19და აი, ერთი დედაკაცი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლის დენით, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსლის კიდეს.
- 20ვინაიდან თავისთვის ამბობდა: მარტო მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.
- 21ხოლო იესო მიბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა. იმ საათში დედაკაცი განიკურნა.
- 22მივიდა იესო მთავრის სახლში და ნახა იქ მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი.
- 23და უთხრა მათ: გაშორდით, რადგან გოგონა არ მომკვდარა, მაგრამ სძინავს. და სასაცილოდ აიგდეს იგი.
- 24ხოლო როცა ხალხი გაიყვანეს, ის შევიდა, ხელი მოჰკიდა ხელზე და გოგონა წამოდგა.
- 25და ეს ამბავი მთელ იმ ქვეყნიერებას მოედო.
- 26როცა იესო იქიდან მოდიოდა, ორი ბრმა მოსდევდა, ყვიროდნენ და ამბობდნენ: შეგვიწყალე, ძეო დავითისა!
- 27ხოლო როცა იესო სახლში შევიდა, მას მიუახლოვდნენ ბრმები. უთხრა მათ იესომ: გწამთ, რომ მე ძალმიძს ამის გაკეთება? ისინი ეუბნებიან მას: დიახ, უფალო!
- 28მაშინ შეეხო მათს თვალებს და უთხრა: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!
- 29და აეხილათ მათ თვალნი. და იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: იცოდეთ, არავინ გაიგოს.
- 30ისინი კი გამოვიდნენ და მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი.
- 31ისინი რომ გავიდნენ, მასთან მოიყვანეს ეშმაკეული მუნჯი კაცი.
- 32და როცა ეშმაკი განიდევნა, მუნჯმა ლაპარაკი იწყო. გაკვირვებული ხალხი ამბობდა: ასეთი მოვლენა არასოდეს არ ყოფილა ისრაელში.
- 33ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით სდევნის ეშმაკებს.
- 34დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კურნავდა ყოველნაირ სენს და ყოველგვარი უძლურებას.
- 35ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეეცოდა ისინი, ვინაიდან ისინი იყვნენ დაუძლურებულნი და უილაჯონი, როგორც ცხვარი, რომელსაც მწყემსი არა ჰყავს.
- 36მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: სამკალი ბევრია, მუშა კი - ცოტა.
- 37ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშები თავის სამკალში.
- 38მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ძალაუფლება არაწმინდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება.
იტვირთება შემდეგი თავი