მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985

იტვირთება წინა თავი

თავი 19

  1. 1
    მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად უთხრეს: ნებადართულია კაცისათვის თავისი ცოლი გაუშვას ყოველნაირი მიზეზით?
  2. 2
    ხოლო მან უთხრა პასუხად: ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?
  3. 3
    და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.
  4. 4
    ამრიგად, ისინი უკვე ორი კი არა, ერთი ხორცი არიან. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, კაცი ნუ დააშორებს მათ.
  5. 5
    მათ კი უთხრეს მას: მაშ, მოსემ რატომ დადო მცნებად გაყრილობის მოწმობის მიცემა და გაშვება?
  6. 6
    ეუბნება მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.
  7. 7
    მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, არა სიძვის გამო, და სხვას შეირთავს, მრუშობს.
  8. 8
    უთხრეს მას მოწაფეებმა: თუკი ასეთია კაცის დამოკიდებულება ცოლის მიმართ, უმჯობესია ცოლი არ შეირთოს.
  9. 9
    მან კი უთხრა მათ: ყველა ვერ შეითვისებს ამ სიტყვას, არამედ, ვისაც აქვს მიცემული.
  10. 10
    ვინაიდან არიან საჭურისნი; რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან ასე იშვნენ; და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს; და არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს.
  11. 11
    მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მათ.
  12. 12
    ხოლო იესომ უთხრა: გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მოვიდნენ ჩემთან, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი.
  13. 13
    დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან.
  14. 14
    და აი, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: მოძღვარო, რა სიკეთე ჩავიდინო, რომ საუკუნო სიცოცხლე მექნეს?
  15. 15
    ხოლო მან უთხრა მას: რატომ მეკითხები სიკეთის შესახებ? ერთი არის კეთილი. ხოლო თუ ცხოვრებაში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებანი.
  16. 16
    ეუბნება მას: რომელნი? ხოლო იესომ უთხრა მას: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე.
  17. 17
    პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
  18. 18
    ჭაბუკმა უთხრა მას: ყოველივე ამას ვიცავდი; რაღა მაკლია კიდევ?
  19. 19
    უთხრა მას იესომ: თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს; და გექნება საუნჯე ზეცაში და მოდი და გამომყევი.
  20. 20
    ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, ვინაიდან ბევრი მამულები ჰქონდა.
  21. 21
    იესომ კი უთხრა ტავის მოწაფეებს: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა.
  22. 22
    კიდევ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გაძრომა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღმერთის სასუფეველში.
  23. 23
    ეს რომ მოისმინეს, ძალიან გაუკვირდათ მის მოწაფეებს და თქვეს: მაშ, ვის შეუძლია გადარჩეს?
  24. 24
    გადახედა მათ იესომ და უთხრა: კაცთა მიერ შეუძლებელია ეს, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივეა შესაძლებელი.
  25. 25
    მაშინ პეტრემ უთხრა მას პასუხად: აი, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოგყევით შენ; რა გვექნება ჩვენ?
  26. 26
    მაშინ პეტრემ უთხრა მას პასუხად: აი, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოგყევით შენ; რა გვექნება ჩვენ?
  27. 27
    ხოლო იესომ უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ; რომ თქვენ, რომლებიც გამომყევით მე, მეორედ დაბადებისას, როცა ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის გასასამართლებლად.
  28. 28
    და ყოველი, ვინც დატოვა სახლები, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან მინდვრები, ჩემი სახელის გულისათვის, მრავალგზის მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
  29. 29
    ბევრნი კი იქნებიან - პირველნი უკანასკნელნი და უკანასკნელნი - პირველნი.
  30. 30
    ვინაიდან სასუფეველი ცათა წააგავს ადამიანს - სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გამოვიდა თავის ვენახში მუშათა დასაქირავებლად.
იტვირთება შემდეგი თავი