მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985

იტვირთება წინა თავი

თავი 2

  1. 1
    როცა იესო დაიბადა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ ვარსკვლავთმრიცხველნი აღმოსავლეთიდან და თქვეს:
  2. 2
    სად არის, იუდეველთა მეფე რომ დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ მას.
  3. 3
    ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან მთელი იერუსალიმი.
  4. 4
    შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარნი და ჰკითხა მათ: სად უნდა იშვას ქრისტე?
  5. 5
    მათ კი უთხრეს მას: იუდეის ბეთლემში, ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:
  6. 6
    "და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრით ხარ ნაკლები იუდას მთავრებს შორის; ვინაიდან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს ისრაელს."
  7. 7
    მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა ვარსკვლავთმრიცხველნი, გამოიძია ვარსკვლავის გამოჩენის დრო.
  8. 8
    და წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას.
  9. 9
    მათ მოუსმინეს რა მეფეს, წავიდნენ. და აი, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდოდა და გაჩერდებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო.
  10. 10
    ვარსკვლავი რომ დაინახეს, მათ ძალზედ დიდი სიხარულით გაიხარეს.
  11. 11
    როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და სმირნა.
  12. 12
    და სიზმრად მიიღეს რა გაფრთხილება - არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.
  13. 13
    როცა ისინი წავიდნენ უფლის ანგელოზი ეცხადება სიზმარში იოსებს და ეუბნება, წაიყვანე ყრმა და მისი დედა, და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავ იქ, ვიდრე მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი.
  14. 14
    იგი წამოდგა, ღამით წაიყვანა ყრმა და მისი დედა და წავიდა ეგვიპტეს.
  15. 15
    იქ იყო ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ეგვიპტიდან მოვუხმე ძესა ჩემსა.
  16. 16
    ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააბიაბურეს ვარსკვლავთმრიცხველებმა; წარგზავნა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მის მთელ შემოგარენში, იმ დროის მიხედვით, როგორც ვარსკვლავთმრიცხველთაგან გამოიძია.
  17. 17
    მაშინ აღსულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
  18. 18
    ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ინუგეშოს, ვინაიდან ისინი არ არიან.
  19. 19
    ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ კი, აი ეგვიპტეში იოსებს, სიზმარში ეცხადება უფლის ანგელოზი.
  20. 20
    და ეუბნება: ადექი, წაიყვანე ყრმა და მისი დედა და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ, რომლებიც მაგ ყრმის სულს ეძებდნენ.
  21. 21
    იგი ადგა, წაიყვანა ყრმა და მისი დედა და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.
  22. 22
    ხოლო როცა მოესმა, რომ მამამისის ჰეროდეს ნაცვლად არქელაოსი მეფობს იუდეაში, შეეშინდა იქ წასვლა, მაგრამ სიზმრად მიიღო გაფრთხილება და წავიდა გალილეის მხარეებში,
  23. 23
    მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში; დაე შესრულდეს წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას დაერქმევა ნაზარეველი.
იტვირთება შემდეგი თავი