მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 3
- 1იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეას უდაბნოში.
- 2და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია სასუფეველი ცათა.
- 3ვინაიდან ის არის, რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.
- 4თვითონ იოანეს ემოსა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი; ხოლო მისი საზრდო იყო კალია და ველური თაფლი.
- 5მაშინ მასთან გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი იორდანის შემოგარენი.
- 6და ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
- 7როცა იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?
- 8მაშ, შექმენით მონანიების ღირსი ნაყოფი;
- 9და ნუ იფიქრებთ, თქვენთვის თქვათ: ჩვენ მამად გვყავს აბრაჰამი; ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.
- 10ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ მოისხამს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.
- 11მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად; მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, რომლის სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით.
- 12მისი ნიჩაბი მის ხელში არის. ის გაწმენდს თავის კალოს, ბერელში მოაგროვებს თავის ხორბალს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.
- 13მაშინ გალილეიდან იორდანეს მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო.
- 14ხოლო იოანე წინაღუდგა და უთხრა: მე ვსაჭიროებ შენგან მონათვლას. შენ კი ჩემთან მოდიხარ?
- 15მაგრამ იესომ მიუგო პასუხად: დაე ახლა, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ ყოველი სამართლიანობის აღსრულება. მაშინ იოანემ მიუშვა იგი.
- 16და მონათლული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და, აი, გაიხსნენ ცანი, და იხილა ღმერთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე ეშვებოდა.
- 17და აი ხმა ციდან მეტყველი: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელშიც ჩემი სათნოებაა.
იტვირთება შემდეგი თავი