მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 4
- 1მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში, რათა ეშმაკს ეცდუნებინა.
- 2ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა. ბოლოს მოშივდა.
- 3მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: თუ შენ ძე ღმერთისა ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.
- 4ხოლო მან მიუგო პასუხად: დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა იცოცხლებს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარი ყოველი სიტყვით.
- 5მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის კიდეზე.
- 6და უთხრა მას: თუ ძე ღმერთისა ხარ, გადავარდი ძირს, ვინაიდან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს შესახებ და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვაზე ფეხი არ წამოიკრა.
- 7იესომ უთხრა მას: ასევე დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.
- 8ისევ მიჰყავს იგი ეშმაკს ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენებს მსოფლიოს ყველა სამეფოს და მათ დიდებას.
- 9და ეუბნება მას: ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ.
- 10მაშინ იესომ უთხრა: განვედ სატანავ, ვინაიდან დაწერილი: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.
- 11მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აი, ანგელოზები მიუახლოვდნენ და ემსახურნენ მას.
- 12ხოლო იესომ მოისმინა, რომ იოანე დაპატიმრებულია, და წავიდა გალილეას.
- 13დატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის ნაპირას მდებარე კაპერნაუმს, ზებულუნისა და ნეფთალემის ფარგლებში.
- 14რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
- 15"ზებულუნის მიწა და ნეფთალემის მიწა, ზღვის სანაპირო გზა, იორდანეს მიღმა, გალილეა წარმართთა;
- 16ხალხმა, რომელიც სიბნელეში იჯდა, დიდი სინათლე იხილა; და ქვეყანაში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ სინათლე ამოუბრწყინდათ."
- 17იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და თქმა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია სასუფეველი ცათა.
- 18როცა გალილეის ზღვის მახლობლად მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა; ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან ისინი მეთევზეები იყვნენ.
- 19და უთხრა მათ: მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ.
- 20მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.
- 21იქიდან წამოვიდა და დაინახა სხვა ორი ძმა - იაკობი, ზებედეს შვილი, და იოანე, მისი ძმა, თავიანთ მამა ზებედესთან ერთად ნავში თავიანთ ბადეებს აკერებდნენ, და მოუხმო მათ.
- 22მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და თავიანთი მამაც და გაჰყვნენ მას.
- 23დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველნაირ სენს, და ყოველნაირ უძლურებას ადამიანებში.
- 24და მოედო მისი ამბავი მთელ ასურეთს. მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და ის კურნავდა მათ.
- 25დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან და იუდეიდან, და იორდანეს გაღმიდან.
იტვირთება შემდეგი თავი