მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 5
- 1იხილა რა ხალხი, ის ავიდა მთაზე და როცა დაჯდა, მას მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები.
- 2მან გახსნა თავისი პირი, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
- 3ნეტარ არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა.
- 4ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
- 5ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
- 6ნეტარ არიან სიმართლისათვის დამშეულნი და მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
- 7ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნ იქნებიან.
- 8ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
- 9ნეტარ არიან მშვიდობის მოქმედნი, ვინაიდან ძენი ღმერთისა დაერქმევათ მათ.
- 10ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა.
- 11ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო.
- 12გიხაროდეთ და მხიარულებდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში; ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე ადრე იყვნენ.
- 13თქვენ ხართ მიწის მარილი. თუ მარილმა ძალა დაკარგა, რითღა დამარილდეს? ის უკვე აღარაფრისათვის არ გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთა მიერ გასათელად.
- 14თქვენ ხართ მსოფლიოს სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქს დაფარვა არ შეუძლია.
- 15სანათს რომ აანთებენ, არ დგამენ ჭურჭლის ქვეშ, არამედ სამაპრეზე, და ყველას უნათებს სახლში.
- 16ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
- 17არ იფიქროთ, თითქოს სჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.
- 18ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის სჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
- 19ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს, და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აკეთებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში.
- 20თქვენ გსმენიათ, რა ეთქვათ ძველებს: „არა ჰკლა; ვინც მოკლავს, სასამართლოს დაექვემდებარება.“
- 21მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი, თავის ძმაზე ტყუილად განრისხებული, სასამართლოს დაექვემდებარება; ვინც თავის ძმას ეტყვის: რაკა, სინედრიონზე დაექვემდებარება, ხოლო რომელიც ეტყვის: სულელო, - დაექვემდებარება ცეცხლის გეენაზე.
- 22ამიტომ, თუ შენ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოსთან, და იქ გაიხსენებ, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ,
- 23დატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან, და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი; შემდეგ მოდი და შესწირე შენი ძღვენი.
- 24შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან გზაზე ხარ, რომ მეტოქემ არ გადაქცეს მოსამართლეს, ხოლო მოსამართლემ არ გადაქცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში.
- 25ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.
- 26გსმენიათ, რომ თქმულა: არ იმრუშო.
- 27მე კი გეუბნებით, რომ ყოველი, ვინც დედაკაცს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
- 28თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.
- 29და თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს შენ, მოიკვეთე იგი, და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.
- 30ასევე ნათქვამია: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, დაე მისცემს მას გაყრის მოწმობა.
- 31მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე, ის მას მრუშობის მიზეზს აძლევს ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
- 32კიდევ გსმენიათ, რომ თქმულა ძველთა მიმართ: არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.
- 33მე კი გეუბნებით თქვენ: საერთოდ არ დაიფიცოთ, არც ცა, იმიტომ, რომ ღმერთის ტახტია ის;
- 34არც დედამიწა, იმიტომ, რომ მის ფეხთა სადგამია ის; არც იერუსალიმი, იმიტომ, რომ დიდი მეფის ქალაქია ის;
- 35არც შენი თავი დაიფიცო, იმიტომ, რომ არ შეგიძლია ერთი ღერი თმის გათეთრება ანდა გაშავება.
- 36არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო - ჰო, არა - არა. რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისაგან არის.
- 37თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
- 38მე კი გეუბნებით თქვენ: წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ ავს; არამედ თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგარტყას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
- 39და რომელიც მოისურვებს შენთან გასამართლებას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც მიეცი მას.
- 40და ვინც გაიძულოს, ერთი მილი წახვიდე მასთან, წადი მასთან ორი.
- 41ვინც გთხოვოს, მიეცი და ზურგს ნუ შეაქცევ, ვისაც შენგან სესხება სურდეს.
- 42თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.
- 43მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, ქველმოქმედება გაუწიეთ თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.
- 44რათა იყვეთ თქვენი ზეციერი მამის ძენი; ვინაიდან თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.
- 45ვინაიდან, თუ თქვენ გიყვართ თქვენი მოყვარულები, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?
- 46და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მიესალმებით, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?
- 47მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.
- 48ერიდეთ სიმართლის გაკეთებას ადამიანის თვალწინ, რომ მათ დაგინახონ; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან.
იტვირთება შემდეგი თავი