მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირ არის; მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად; ახსენით და მომგვარეთ მე.
- 2და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: უფალს სჭირდება; და მაშინვე გამოგზავნის მათ.
- 3ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
- 4უთხარით სიონის ასულს: აი, მეფე შენი მოდის შენთან მშვიდი, ზის ვირსა და ჩოჩორზე, კარაულის ნაშობზე.
- 5მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა.
- 6მოჰგვარეს ვირი და ჩოჩორი, დააწყვეს ზედ თავიანთი სამოსელნი და დაჯდა მათზე.
- 7ხოლო დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი ხეებიდან ტოტებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.
- 8და ხალხი, მის წინ მიმავალი და უკან მიმდევარნი, შესძახოდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი! ოსანა, სიმაღლეთა შინა!
- 9და როცა ის შევიდა იერუსალიმს, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: ვინ არის ეს?
- 10ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან.
- 11შევიდა იესო ტაძარში და განდევნა ყველა, გამყიდველი და მყიდველი ტაძარში, მოაყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები.
- 12და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება. თქვენ კი ავაზაკთა გამოქვაბულად აქციეთ იგი.
- 13და მოვიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები, და მან განკურნა ისინი.
- 14როცა მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა დაინახეს სასწაულნი, რომელნიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომლებიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს, - უხალისოდ გახდნენ.
- 15და უთხრეს მას: თუ გესმის, რას ამბობენ ესენი? იესომ კი უთხრა მათ: ჰო! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ყრმებისა და ძუძუმწოვრების პირით დაიმკვიდრე დიდება?
- 16დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ღამე იქ გაათია.
- 17განთიადისას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა.
- 18დაინახა ერთი ლეღვი გზაზე, მიუახლოვდა მას და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა, და ეუბნება მას: ნუღარ გექნეს შენ ნაყოფი უკუნისამდე. და უცბად გახმა ლეღვი.
- 19დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და ამბობდნენ: რა უცბად გახმა ეს ლეღვი!
- 20მიუგო იესომ მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო ამას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს შეემთხვა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, - ასე იქნება.
- 21და ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მიიღებთ.
- 22როცა ტაძარში მივიდა და ასწავლიდა, მიუახლოვდნენ მას მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: რომელი ძალაუფლებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?
- 23მიუგო იესომ მათ პასუხად: მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას; თუ იმის შესახებ მეტყვით, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ძალაუფლებით ვაკეთებ ამას.
- 24საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეცით თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთს შორის მსჯელობდნენ: თუ ვიტყვით: ზეცით, გვეტყვის, მაშ, რატომ არ იწამეთ მისი?
- 25და თუ ვიტყვით, კაცთაგან; ხალხისა გვეშინია; ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველად თვლის იოანეს.
- 26და მიუგეს იესოს პასუხად: არ ვიცით. მანაც უთხრა მათ: არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ძალაუფლებით ვაკეთებ ამას.
- 27მაშ, რა გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა; მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.
- 28მან კი უპასუხა: არ მინდა. ბოლოს კი ინანა და წავიდა.
- 29მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, მან კი პასუხად უთხრა: წავალ ბატონო. და არ წავიდა.
- 30ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება? უთხრეს მას: პირველმა. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავნი თქვენზე წინ მიდიან ღმერთის სასუფეველში.
- 31ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ირწმუნეთ იგი, ხოლო მებაჟეებმა და მეძავებმა ირწმუნეს იგი, თქვენ კი იხილეთ ეს და არ მოინანიეთ შემდეგ, რომ გერწმუნათ იგი.
- 32მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ვინმე სახლის პატრონი, რომელმაც გააშენა ვენახი, ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და ააშენა კოშკი; იგი მევენახეებს მისცა და გაშორდა.
- 33და ნაყოფის დრო რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მევენახეებს მისგან ნაყოფის მისაღებად.
- 34მევენახეებმა შეიპყრეს მისი მონები, ერთნი სცემეს, ერთნი დახოცეს, და სხვა ჩაქოლეს.
- 35კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, ადრინდელზე მეტი; იმათაც ისევე მოექცნენ.
- 36ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ჩემი ძისა მოერიდებათ.
- 37მაგრამ მევენახეებმა რომ დაინახეს ძე, ერთმანეთს უთხრეს: ეს მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ იგი და დავისაკუთრებთ მის სამკვიდრებელს.
- 38შეიპყრეს იგი, გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს.
- 39აბა, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მევენახეებს?
- 40ეუბნებიან მას: ამ ბოროტებს ბოროტეულად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მევენახეებს, რომლებიც მისცემენ ნაყოფს თავის დროზე.
- 41უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს არ წაგიკითხავთ წერილებში: „ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქმნა. უფლის მიერ იქმნა ეს და საოცრებაა ჩვენს თვალებში?“
- 42ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღმერთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც ქმნის მის ნაყოფს.
- 43და ის, ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაიმტვრევა; ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.
- 44მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა რომ ეს იგავი მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათ შესახებ ლაპარაკობდა.
- 45და ეძებდნენ მას შესაპყრობად, მაგრამ ხალხისა ეშიოდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად თვლიდნენ მას.
- 46იესო პასუხად კი ისევ იგავით ლაპარაკობდა და ეუბნებოდა მათ:
იტვირთება შემდეგი თავი