მათეს სახარება — ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985
იტვირთება წინა თავი
თავი 7
- 1ვინაიდან რომელი სასამართლოთიც ასამართლებთ, - იმავეთი გასამართლდებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, - იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ.
- 2და რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს არა გრძნობ?
- 3ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან ბეწვი, და, აი, შენს თვალში დირეა!
- 4თვალთმაქცო, პირველად შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.
- 5ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს გადაუყრით ღორებს წინ, რომ თავიანთი ფეხებით არ გათელონ ისინი და შემობრუნებისას არ დაგგლიჯონ თქვენ.
- 6ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ,
- 7ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს - ღებულობს, და ვინც ეძებს - პოულობს და ვინც აკაკუნებს - გაეღება.
- 8არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, რომელსაც თავისი ძე პურს სთხოვს და ის ქვას მისცემს?
- 9ანდა როცა თევზს სთხოვს, გველი მიაწოდეს?
- 10ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისადმი, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს, ვინც სთხოვს.
- 11ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. ვინაიდან ეს არის სჯული და წინასწარმეტყველნი.
- 12შედით ვიწრო ჭიშკრით, ვინაიდან ფართოა ჭიშკარი და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალი დადის მით.
- 13ვინაიდან ვიწროა ჭიშკარი და ვიწრო გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას.
- 14მოერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.
- 15მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან ბირკავადან ლეღვს?
- 16ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.
- 17არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც ცუდ ხეს კარგი ნაყოფის გამოღება.
- 18ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.
- 19ასე, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.
- 20ვინც მე მეუბნება: „უფალო, უფალო,“ ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, რომელიც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს.
- 21ბევრი მეტყვის მე იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
- 22მაშინ მე განვუცხადებ მათ: მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, მოქმედნო უსჯულოებისა.
- 23ამიტომ ყოველს, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ კეთილგონიერ კაცს, რომელმაც თავისი სახლი კლდეზე აიშენა.
- 24მოვიდა წვიმა, გადმოვიდნენ მდინარეები, და ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს; და ის არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.
- 25ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგონო კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა თავისი სახლი.
- 26მოვიდა წვიმა, გადმოვიდნენ მდინარეები, და ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, და ის დაეცა, და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.
- 27და როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებისაგან.
- 28ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი.
- 29როცა ის მთიდან ჩამოდიოდა, დიდძალი ხალხი მოსდევდა მას.
იტვირთება შემდეგი თავი