დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 11
- 1ერთი ენა ჰქონდათ და ერთნაირად მეტყველებდნენ მთელ დედამიწაზე.
- 2როცა აღმოსავლეთით მიემართებოდნენ, შინარის მიწაზე ველი იპოვეს და იქ დასახლდნენ.
- 3ერთმანეთს უთხრეს: „მოდი, აგურები გავაკეთოთ და გამოვწვათ“. ქვის მაგივრად აგური გამოიყენეს და დუღაბის მაგივრად - ფისი.
- 4შემდეგ თქვეს: „მოდი, ავიშენოთ ქალაქი და კოშკი, ცას რომ მისწვდეს, და სახელი გავითქვათ, რათა არ გავიფანტოთ მთელი დედამიწის ზურგზე“.
- 5ჩავიდა იეჰოვა ქალაქისა და კოშკის სანახავად, რომლებსაც ადამიანთა ძეები აშენებდნენ.
- 6თქვა იეჰოვამ: „ერთი ხალხია, ყველას ერთი ენა აქვს და, აი, რისი გაკეთება წამოიწყეს. რასაც განიზრახავენ, ყველაფერს გააკეთებენ.
- 7მოდი, ჩავიდეთ და ენა ავურიოთ, რომ ერთმანეთის ენა აღარ ესმოდეთ“.
- 8გაფანტა იეჰოვამ ისინი მთელი დედამიწის ზურგზე და მიატოვეს მათ ქალაქის მშენებლობა.
- 9ამიტომაც ეწოდა მას ბაბილონი, რადგან იქ აურია იეჰოვამ მათ ენა, რომელზეც მთელ დედამიწაზე ლაპარაკობდნენ, და გაფანტა იეჰოვამ ისინი მთელი დედამიწის ზურგზე.
- 10ეს არის სემის ამბავი. ასი წლისა იყო სემი, როცა არფაქშადი შეეძინა წარღვნიდან ორი წლის შემდეგ.
- 11არფაქშადის დაბადების შემდეგ სემმა კიდევ ხუთასი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 12ოცდათხუთმეტი წლისა იყო არფაქშადი, როცა შეეძინა შელახი.
- 13შელახის დაბადების შემდეგ არფაქშადმა კიდევ ოთხას სამი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 14ოცდაათი წლისა იყო შელახი, როცა შეეძინა ებერი.
- 15ებერის დაბადების შემდეგ შელახმა კიდევ ოთხას სამი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 16ოცდათოთხმეტი წლისა იყო ებერი, როცა შეეძინა ფელეგი.
- 17ფელეგის დაბადების შემდეგ ებერმა კიდევ ოთხას ოცდაათი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 18ოცდაათი წლისა იყო ფელეგი, როცა შეეძინა რეუ.
- 19რეუს დაბადების შემდეგ ფელეგმა კიდევ ორას ცხრა წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 20ოცდათორმეტი წლისა იყო რეუ, როცა შეეძინა სერუგი.
- 21სერუგის დაბადების შემდეგ რეუმ კიდევ ორას შვიდი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 22ოცდაათი წლისა იყო სერუგი, როცა შეეძინა ნახორი.
- 23ნახორის დაბადების შემდეგ სერუგმა კიდევ ორასი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 24ოცდაცხრა წლისა იყო ნახორი, როცა შეეძინა თერახი.
- 25თერახის დაბადების შემდეგ ნახორმა კიდევ ას ცხრამეტი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.
- 26სამოცდაათ წელს იყო გადაცილებული თერახი, როცა აბრამი, ნახორი და ხარანი შეეძინა.
- 27ეს არის თერახის ამბავი. თერახს შეეძინა აბრამი, ნახორი და ხარანი. ხარანს შეეძინა ლოტი.
- 28მოკვდა ხარანი მშობლიურ ქალდეველთა ურში, მამამისის, თერახის სიცოცხლეში.
- 29მოიყვანეს ცოლები აბრამმა და ნახორმა. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ნახორის ცოლს კი - მილქა; ის ხარანის ასული იყო; ხარანი იყო მილქასა და ისქას მამა.
- 30უშვილო იყო სარაი, შვილი არ ჰყავდა.
- 31წაიყვანა თერახმა თავისი ვაჟი აბრამი, ხარანის ვაჟი ლოტი, თავისი შვილიშვილი, და თავისი რძალი სარაი, თავისი ვაჟის, აბრამის ცოლი. წავიდნენ ისინი მასთან ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის მიწაზე. მიადგნენ ხარანს და იქ დასახლდნენ.
- 32ორას ხუთი წელი იცოცხლა თერახმა, და მოკვდა იგი ხარანში.
იტვირთება შემდეგი თავი