დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 12
- 1იეჰოვამ აბრამს უთხრა: „დატოვე შენი ქვეყანა, სანათესავო, მამაშენის სახლი და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ.
- 2დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან, გაკურთხებ და სახელს გაგითქვამ. იყავი კურთხევა ყველასთვის.
- 3მე ვაკურთხებ მათ, ვინც შენ გაკურთხებს, და მე დავწყევლი მას, ვინც შენ დაგწყევლის; შენით იკურთხება ყველა ოჯახი დედამიწაზე“.
- 4წავიდა აბრამი, როგორც იეჰოვამ უთხრა, და ლოტიც გაჰყვა მას. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანი დატოვა.
- 5წაიყვანა აბრამმა თავისი ცოლი სარაი და თავისი ძმისშვილი ლოტი და წაიღეს მთელი დაგროვილი ქონება. წაიყვანეს ხარანში შეძენილი ყველა სული და დაადგნენ ქანაანის გზას. ბოლოს მივიდნენ ქანაანის მიწაზე.
- 6გაიარა აბრამმა ის მიწა და მიადგა შექემს, მორეს დიდი ხეების მახლობლად. მაშინ ქანაანელები ცხოვრობდნენ იმ მიწაზე.
- 7გამოეცხადა იეჰოვა აბრამს და უთხრა: „შენს შთამომავალს მივცემ ამ მიწას“. აუგო მან სამსხვერპლო იეჰოვას, რომელიც გამოეცხადა მას.
- 8წავიდა იქიდან მთიან მხარეში, ბეთელის აღმოსავლეთით, და გაშალა კარავი, საიდანაც ბეთელი დასავლეთით იყო, ქალაქი აი კი - აღმოსავლეთით. აუგო სამსხვერპლო იეჰოვას და დაიწყო იეჰოვას სახელის მოხმობა.
- 9აიყარა იქიდან აბრამი, წავიდა და გზადაგზა ბანაკდებოდა ნეგებამდე.
- 10შიმშილობა ჩამოვარდა იმ მიწაზე და აბრამი ეგვიპტისკენ გაემართა, რომ იქ შეხიზნულიყო, რადგან შიმშილობა მძვინვარებდა იმ მიწაზე.
- 11ეგვიპტეს რომ მიუახლოვდა, თავის ცოლს, სარაის, სთხოვა: „მომისმინე! ვიცი, რომ ლამაზი ქალი ხარ.
- 12როცა დაგინახავენ ეგვიპტელები, უეჭველად იტყვიან, მისი ცოლიაო, და მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
- 13თქვი, რომ ჩემი და ხარ, რათა შენი წყალობით ყველაფერი კარგად იყოს და ვიცოცხლო“.
- 14შევიდა აბრამი ეგვიპტეში და დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო ქალი, რომელიც მას ახლდა.
- 15ფარაონის მთავრებმაც დაინახეს იგი და ისე უქეს ფარაონს, რომ ქალი ფარაონის სახლში წაიყვანეს.
- 16მის გამო კარგად ეპყრობოდა იგი აბრამს. ჰყავდა მას ცხვარძროხა, მამალი ვირები, მსახურები, მოახლეები, ჭაკი ვირები და აქლემები.
- 17დაატეხა იეჰოვამ ფარაონსა და მის სახლეულობას დიდი უბედურება სარაის, აბრამის ცოლის გამო.
- 18მოიხმო ფარაონმა აბრამი და უთხრა: „ეს რა მიყავი?! რატომ არ მითხარი, რომ შენი ცოლი იყო?!
- 19რატომ თქვი, ჩემი დააო?! უკვე ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა შენი ცოლი, წაიყვანე და წადი!“
- 20უბრძანა ფარაონმა ხალხს, რომ გაეცილებინათ ის და მისი ცოლი თავიანთი ქონებით.
იტვირთება შემდეგი თავი