დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 13
- 1ეგვიპტიდან აბრამი ნეგებისკენ წავიდა თავის ცოლთან და ლოტთან ერთად. თან წაიღეს მთელი ქონება.
- 2ბევრი საქონელი ჰყავდა აბრამს და დიდძალი ოქროვერცხლი ჰქონდა.
- 3ნეგებიდან გამოსული გზადაგზა ბანაკდებოდა ბეთელამდე. მივიდა იმ ადგილას, სადაც პირველად გაშალა კარავი ბეთელსა და აის შორის,
- 4და სადაც თავდაპირველად ააგო სამსხვერპლო. მოუხმო იქ აბრამმა იეჰოვას სახელს.
- 5ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მიდიოდა, ჰყავდა ცხვარძროხა და ჰქონდა კარვები.
- 6ვერ იტევდა ის მიწა ყველას, რადგან დიდძალი ქონება დააგროვეს და შეუძლებელი იყო, რომ ერთად ეცხოვრათ.
- 7დაიწყეს დავა აბრამისა და ლოტის მწყემსებმა; მაშინ ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ იმ მიწაზე.
- 8აბრამმა ლოტს სთხოვა: „მოდი, ნუ ვიდავებთ, ნურც ჩვენ და ნურც ჩვენი მწყემსები, რადგან ძმები ვართ.
- 9შენ წინაშეა მთელი მიწა. გამეყარე. თუ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; და თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ“.
- 10გაიხედა ლოტმა და დაინახა მთელი იორდანის წყალუხვი მხარე ცოარამდე, რომელიც იეჰოვას ბაღივით იყო და ეგვიპტის მიწას ჰგავდა, სანამ იეჰოვა სოდომსა და გომორას გაანადგურებდა.
- 11აირჩია ლოტმა თავისთვის მთელი იორდანის მხარე, აღმოსავლეთით დაბანაკდა და გაეყარნენ ერთმანეთს.
- 12აბრამი ქანაანის მიწაზე დასახლდა, ლოტი კი - იმ მხარის ქალაქებს შორის, და სოდომის მახლობლად გაშალა კარავი.
- 13ბოროტები იყვნენ სოდომელები და დიდად სცოდავდნენ იეჰოვას.
- 14მას შემდეგ, რაც ლოტი აბრამს გაეყარა, იეჰოვამ სთხოვა მას: „ასწიე თავი და გაიხედე ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ,
- 15რადგან შენ და შენს შთამომავალს სამუდამოდ მოგცემთ მთელ მიწას, რომელსაც ხედავ.
- 16ქვიშასავით გავამრავლებ შენს შთამომავალს, და თუ კაცი ქვიშას დათვლის, მაშინ შენი შთამომავლობაც დაითვლება.
- 17ადექი და მოიარე მთელი ეს მიწა, რადგან შენ მოგცემ მას.
- 18კარვებში ცხოვრობდა აბრამი. მოგვიანებით მივიდა და დასახლდა მამრეს დიდ ხეებს შორის ხებრონში. იქ სამსხვერპლო აუგო იეჰოვას.
იტვირთება შემდეგი თავი