დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 14
- 1შინარში ამრაფელი მეფობდა, ელასარში - არიოქი, ელამში - ქედარლაომერი, გოიიმში კი - თიდალი.
- 2ბრძოლა გაუმართეს მათ სოდომის მეფე ბერას, გომორას მეფე ბირშას, ადმას მეფე შინაბს, ცებოიმის მეფე შემებერს და ბელას (ანუ ცოარის) მეფეს.
- 3ყველა ეს მოკავშირე სიდიმის ველისკენ, მარილოვანი ზღვისკენ გაემართა.
- 4თორმეტი წელი ემსახურებოდნენ ქედარლაომერს და მეცამეტე წელს აუჯანყდნენ.
- 5მეთოთხმეტე წელს კი მოვიდა ქედარლაომერი სხვა მეფეებთან ერთად და დაამარცხეს რეფაიმები აშთორკარნაიმში, ზუზიმები - ჰამში, ემიმები - შავეკირიათაიმში,
- 6ხორიელები - სეირის მთიდან მოყოლებული ელფარანამდე, უდაბნომდე.
- 7მერე შემობრუნდნენ, მიადგნენ ენმიშფატს, ანუ კადეშს, და დაამარცხეს ამალეკელებიც მთელ მათ მიწაზე და ხაცაცონთამარში მცხოვრები ამორეველებიც.
- 8გამოვიდნენ სოდომის მეფე, გომორას მეფე, ადმას მეფე, ცებოიმის მეფე, ბელას (ანუ ცოარის) მეფე და სიდიმის ველზე დაირაზმნენ მათთან საბრძოლველად,
- 9ელამის მეფე ქედარლაომერის, გოიიმის მეფე თიდალის, შინარის მეფე ამრაფელისა და ელასარის მეფე არიოქის წინააღმდეგ, ოთხი მეფე ხუთის წინააღმდეგ.
- 10სიდიმის ველზე ფისით სავსე ორმოები იყო. როცა სოდომისა და გომორას მეფეები უკუიქცნენ, შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები კი მთებში გაიქცნენ.
- 11წაიღეს გამარჯვებულებმა სოდომისა და გომორას მთელი ქონება, საკვები და თავიანთ გზას დაადგნენ.
- 12წაიყვანეს ლოტიც, აბრამის ძმისშვილი, წაიღეს მისი ქონებაც და წავიდნენ. მაშინ იგი სოდომში ცხოვრობდა.
- 13მივიდა ერთერთი გადარჩენილი ებრაელ აბრამთან და უამბო ეს ამბავი. მაშინ ის კარვებში ცხოვრობდა დიდ ხეებს შორის, რომლებიც ამორეველ მამრეს, ეშქოლისა და ანერის ძმას ეკუთვნოდა. ისინი აბრამის მოკავშირეები იყვნენ.
- 14გაიგო აბრამმა, რომ დაეტყვევებინათ მისი ძმა; შეკრიბა ძლიერი კაცები, თავის სახლეულობაში დაბადებული სამას თვრამეტი მონა, დაედევნა და დანამდე სდია.
- 15დაიყვნენ ღამით ის და მისი მონები, დაამარცხეს ისინი და სდიეს ხობამდე, რომელიც დამასკოს ჩრდილოეთითაა.
- 16დაიბრუნა მან მთელი ქონება, დაიხსნა ლოტიც, თავისი ძმა, და მისი ქონებაც, ქალებიცა და სხვებიც.
- 17წავიდა სოდომის მეფე მასთან შესაგებებლად, როცა ის შავეს ანუ მეფის ველზე ქედარლაომერისა და მასთან მყოფი მეფეების დამარცხების შემდეგ დაბრუნდა.
- 18სალემის მეფე მელქისედეკმა პური და ღვინო გამოიტანა; ის უზენაესი ღვთის მღვდელი იყო.
- 19აკურთხა იგი და უთხრა: „აბრამ, კურთხეული იყავ უზენაესი ღვთისგან, ზეცისა და დედამიწის შემქმნელისგან!
- 20კურთხეული იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მჩაგვრელები!“ მაშინ აბრამმა ყველაფრის მეათედი მისცა მას.
- 21სოდომის მეფემ აბრამს უთხრა: „ხალხი მე მომეცი, ქონება კი შენ წაიღე“.
- 22აბრამმა მიუგო სოდომის მეფეს: „ფიცით აღვაპყრობ ხელს უზენაესი ღვთის, იეჰოვას, ცისა და მიწის შემქმნელის წინაშე,
- 23რომ ძაფიდან სანდლის თასმამდე შენსას არაფერს წავიღებ, რათა არა თქვა, აბრამი მე გავამდიდრეო.
- 24მე არაფერი მინდა, გარდა იმისა, რაც მსახურებმა ჭამეს და რაც ჩემთან წამოსულებს - ანერს, ეშქოლსა და მამრეს - ერგოთ წილად, მათ წაიღონ თავიანთი წილი“.
იტვირთება შემდეგი თავი