დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 15
- 1აბრამს ხილვაში იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა: „აბრამ, ნუ გეშინია! მე ვარ შენი ფარი. დიდ ჯილდოს მიიღებ“.
- 2აბრამმა მიუგო: „უზენაესო უფალო იეჰოვა, რას მომცემ? შვილი არა მყავს და ჩემი სახლი დამასკოელმა ელიეზერმა უნდა დაიმკვიდროს“.
- 3განაგრძო აბრამმა: „არ მოგიცია ჩემთვის შთამომავალი და, აი, ჩემი სახლის მსახური ხდება ჩემი მემკვიდრე“.
- 4მაგრამ იეჰოვამ ასე უთხრა: „არ გახდება ეს კაცი შენი მემკვიდრე. შენგან გამოსული გახდება შენი მემკვიდრე“.
- 5გარეთ გაიყვანა და სთხოვა: „ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეძლებ მათ დათვლას“. შემდეგ უთხრა: „ასევე იქნება შენი შთამომავლობაც“.
- 6ერწმუნა იგი იეჰოვას და მან სიმართლედ ჩაუთვალა ეს.
- 7მან განაგრძო: „მე ვარ იეჰოვა, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რათა დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა“.
- 8ამაზე მან მიუგო: „უზენაესო უფალო იეჰოვა, როგორ გავიგო, რომ მე დავიმკვიდრებ მას?“
- 9პასუხად მან უთხრა: „მომიყვანე სამი წლის დეკეული, სამი წლის დედალი თხა, სამი წლის ვერძი, გვრიტი და მტრედის ხუნდი“.
- 10წაიყვანა ისინი, ორად გაკვეთა და ნაჭრები ერთიმეორის შესაბამისად დააწყო; ფრინველები არ გაუკვეთავს.
- 11დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები დაკლულ ცხოველებს, აბრამი კი იგერიებდა.
- 12მოგვიანებით, მზის ჩასვლისას, ღრმა ძილმა შეიპყრო აბრამი და, აი, შიშის მომგვრელმა უკუნმა სიბნელემ მოიცვა იგი.
- 13უთხრა ღმერთმა აბრამს: „შენი შთამომავლობა ხიზნად იცხოვრებს სხვების მიწაზე და მათი მსახურები გახდებიან; ოთხას წელიწადს დაჩაგრავენ მათ.
- 14მაგრამ მე გავასამართლებ იმ ერს, რომლის მსახურებიც იქნებიან, და გამოვლენ იქიდან დიდძალი ქონებით.
- 15შენ კი მშვიდობით წახვალ შენს წინაპრებთან; კარგი სიბერით მოკვდები.
- 16მეოთხე თაობაში დაბრუნდებიან ისინი, რადგან ამორეველთა დანაშაული ზღვარს ჯერ არ გასცდენია“.
- 17მზე ჩავიდა, უკუნი სიბნელე ჩამოწვა და, აი, აბოლებულმა ღუმელმა და ცეცხლოვანმა ჩირაღდანმა ჩაიარა იმ ნაჭრებს შორის.
- 18იმ დღეს დაუდო იეჰოვამ აბრამს შეთანხმება: „შენს შთამომავალს მივცემ ამ ქვეყანას, ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე, ევფრატამდე:
- 19კენიელთა, კენიზელთა, კადმონელთა,
- 20ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმთა,
- 21ამორეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა ქვეყანას“.
იტვირთება შემდეგი თავი