დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 16
- 1აბრამისთვის მის ცოლს, სარაის, შვილი არ გაუჩენია. სარაის ჰყავდა ეგვიპტელი მოახლე, აგარი.
- 2სარაიმ სთხოვა აბრამს: „მომისმინე. წამართვა იეჰოვამ შვილების შობის უნარი. დაწექი ჩემს მოახლესთან, იქნებ მისგან შემეძინოს შვილები“. ყურად იღო აბრამმა სარაის სიტყვა.
- 3ქანაანის მიწაზე აბრამის ცხოვრების მეათე წლის ბოლოს სარაიმ, აბრამის ცოლმა, მიუყვანა აგარი, თავისი ეგვიპტელი მოახლე.
- 4დაწვა ის აგართან და დაორსულდა იგი. როცა გაიგო, რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი.
- 5მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: „შენზე იყოს ჩემი უბედურება. მე მოგიწვინე ჩემი მოახლე და, როცა გაიგო, რომ ორსულად იყო, დავმცირდი მის თვალში. იეჰოვამ განგვსაჯოს“.
- 6აბრამმა მიუგო სარაის: „შენი მოახლე შენს ხელშია, რაც გინდა, ის უყავი“. დაუწყო მას სარაიმ დამცირება და გაექცა მას იგი.
- 7მოგვიანებით იეჰოვას ანგელოზმა ნახა იგი უდაბნოში, წყაროს წყალთან, შურის გზაზე,
- 8და უთხრა მას: „აგარ, სარაის მოახლევ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ?“ მან მიუგო: „სარაის გავურბივარ, ჩემს ქალბატონს“.
- 9იეჰოვას ანგელოზმა უთხრა: „დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დამდაბლდი მის ხელქვეშ“.
- 10კვლავ უთხრა იეჰოვას ანგელოზმა: „ისე გავამრავლებ შენს შთამომავლობას, რომ ვერ დაითვლება სიმრავლის გამო“.
- 11იეჰოვას ანგელოზმა განაგრძო: „ორსულად ხარ და შობ ძეს, რომელსაც ისმაელი უნდა დაარქვა, რადგან ისმინა იეჰოვამ შენი გაჭირვება.
- 12ის გარეული ვირივით დაუმორჩილებელი იქნება; მისი ხელი ყველას წინააღმდეგ იქნება მიმართული და ყველას ხელი - მის წინააღმდეგ. თავისი ძმების წინაშე იცხოვრებს კარვებში“.
- 13მოუხმო მან იეჰოვას სახელს, რომელიც მას ელაპარაკებოდა: „შენა ხარ ღმერთი, ყოველივეს მხილველი“, და თქვა: „ნუთუ მართლა შევხედე მას, ვინც მე მხედავს?!“
- 14ამიტომ დაერქვა იმ ჭას ბეერლახაიროი, რომელიც კადეშსა და ბერედს შორისაა.
- 15უშვა აგარმა აბრამს ვაჟი და აბრამმა თავის ვაჟს, რომელიც აგარმა უშვა, ისმაელი დაარქვა.
- 16ოთხმოცდაექვსი წლისა იყო აბრამი, როცა აგარმა ისმაელი უშვა აბრამს.
იტვირთება შემდეგი თავი