დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 17
- 1აბრამი ოთხმოცდაცხრამეტი წლისა იყო, როცა იეჰოვა გამოეცხადა და უთხრა: „მე ყოვლისშემძლე ღმერთი ვარ. იარე ჩემ წინაშე, იყავი უბიწო
- 2და დაგიდებ შეთანხმებას, რათა დიდად, დიდად გაგამრავლო“.
- 3პირქვე დაემხო აბრამი და განაგრძო ღმერთმა მასთან ლაპარაკი:
- 4„შენთან ვდებ შეთანხმებას; მრავალი ერის მამა გახდები.
- 5აღარ გერქმევა აბრამი; აბრაამი იქნება შენი სახელი, რადგან მრავალი ერის მამად გაქცევ.
- 6დიდად, დიდად ნაყოფიერს გაგხდი, ერებად გაქცევ და მეფეები გამოვლენ შენგან.
- 7აღვასრულებ შეთანხმებას, მარადიულ შეთანხმებას, რომელსაც ვდებ შენთან და შენს შთამომავალთან შემდგომი თაობებისთვის, რათა შენი და შენი შთამომავლის ღმერთი ვიყო.
- 8მოგცემთ შენ და შენს შთამომავალს შენი ხიზნობის მიწას, ქანაანის მთელ მიწას სამუდამოდ დასამკვიდრებლად; მე ვიქნები მათი ღმერთი“.
- 9უთხრა ღმერთმა აბრაამს: „შენ კი უნდა დაიცვა ჩემი შეთანხმება, შენ, შენმა შთამომავლობამ, შემდგომმა თაობებმა.
- 10ეს არის თქვენთან დადებული ჩემი შეთანხმება, რომელსაც დაიცავთ თქვენ და შენი შთამომავლობა: წინადაიცვითოს თქვენში ყველა მამაკაცმა.
- 11წინადაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს თქვენსა და ჩემ შორის დადებული შეთანხმების ნიშანი.
- 12რვა დღე რომ შეუსრულდება, წინადაცვითეთ ყველა თქვენი ვაჟი, ასევე გააკეთეთ თქვენ შემდგომ თაობებში, წინადაცვითეთ ყველა, ვინც თქვენს სახლში დაიბადება, და ვინც ფულით იქნება ნაყიდი უცხოელისგან, რომელიც არ არის შენი შთამომავალი.
- 13აუცილებლად წინადაცვითეთ შენს სახლში შობილი და შენი ფულით ნაყიდი ყველა მამაკაცი. თქვენს ხორცში დადებული ჩემი შეთანხმება მარადიული შეთანხმება იქნება.
- 14წინადაუცვეთელი მამაკაცი კი, ის, ვინც არ დაიცვეთს ჩუჩას, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან. მან დაარღვია ჩემი შეთანხმება“.
- 15უთხრა ღმერთმა აბრაამს: „სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქმევა სარაი; სარა იქნება მისი სახელი.
- 16ვაკურთხებ მას და ძეს მოგცემ მისგან; ვაკურთხებ მას და მრავალ ერად იქცევა იგი; ხალხთა მეფეები გამოვლენ მისგან“.
- 17ამის გაგონებაზე პირქვე დაემხო აბრაამი, სიცილი დაიწყო და გულში ამბობდა: „განა ასი წლის კაცს შვილი ეყოლება და სარა, ოთხმოცდაათი წლის ქალი, ბავშვს გააჩენს?!“
- 18უთხრა აბრაამმა ჭეშმარიტ ღმერთს: „ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენ წინაშე!“
- 19ღმერთმა მიუგო: „შენი ცოლი სარა გიშობს ძეს, რომელსაც ისაკი უნდა დაარქვა. დავუდებ მას შეთანხმებას, რაც სამუდამო შეთანხმება იქნება მისი შთამომავლისთვის.
- 20ისმაელის შესახებაც მოვისმინე შენი თხოვნა; ვაკურთხებ მას, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამრავლებ. თორმეტი მთავარი წარმოიშობა მისგან, დიდ ერად ვაქცევ მას,
- 21თუმცა ჩემს შეთანხმებას ისაკთან დავდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად, დანიშნულ დროს“.
- 22დაამთავრა ღმერთმა აბრაამთან ლაპარაკი და წავიდა მისგან.
- 23ამის შემდეგ წაიყვანა აბრაამმა ისმაელი, თავისი ძე, თავის სახლში შობილი და თავისი ფულით ნაყიდი ყველა მამაკაცი, აბრაამის სახლეულობის ყველა მამაკაცი, და იმავე დღეს დაცვითა მათ ჩუჩა, როგორც ღმერთმა უთხრა.
- 24ოთხმოცდაცხრამეტი წლისა იყო აბრაამი, როცა ჩუჩა დაიცვითა.
- 25მისი ძე ისმაელი კი ცამეტი წლისა იყო, როცა ჩუჩა დაიცვითა.
- 26იმ დღეს წინადაიცვითა აბრაამმაც და მისმა ძემ, ისმაელმაც.
- 27წინადაიცვითა ყველა მამაკაცმა მისი სახლეულობიდან, ყველამ, მის სახლში შობილმა, და უცხოელისგან ფულით ნაყიდმა.
იტვირთება შემდეგი თავი