დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 18

  1. 1
    ამის შემდეგ გამოეცხადა იეჰოვა მას მამრეს დიდ ხეებს შორის, როცა ის შუადღის პაპანაქება სიცხეში კარვის შესასვლელთან იჯდა.
  2. 2
    თავი ასწია და დაინახა შორიახლოს მდგომი სამი კაცი. დაინახა თუ არა, კარვის შესასვლელიდან მათთან შესახვედრად გაიქცა, მდაბლად თაყვანი სცა მიწამდე
  3. 3
    და სთხოვა: „იეჰოვა, თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.
  4. 4
    წყალს მოვატანინებ, ფეხებს დაგაბანინებთ და ხის ქვეშ დაისვენეთ.
  5. 5
    პურს მოვიტან, დანაყრდით, და მერე წადით; თქვენს მსახურთან მოსულხართ და ისე როგორ გაგიშვათ“. მათ მიუგეს: „კარგი, ისე გააკეთე, როგორც თქვი“.
  6. 6
    მიირბინა აბრაამმა სარასთან კარავში და უთხრა: „ჩქარა! მოიტანე სამი სეა წმინდად დაფქული ფქვილი, ცომი მოზილე და კვერები დააცხვე“.
  7. 7
    შემდეგ აბრაამმა საქონელთან მიირბინა, ამოარჩია ჩვილი, საღი ხბო, მიუყვანა მსახურს და მანაც საჩქაროდ დაიწყო მომზადება.
  8. 8
    მიიტანა კარაქი, რძე, ხბო, რომელიც მოამზადა, და წინ დაუწყო. სანამ ისინი ჭამდნენ, იგი იქვე ხის ქვეშ იდგა.
  9. 9
    ჰკითხეს მას: „სად არის სარა, შენი ცოლი?“ მან მიუგო: „აქ არის, კარავში“.
  10. 10
    მან უთხრა: „გაისად, ამ დროს, აუცილებლად დავბრუნდები და შენს ცოლს, სარას, ვაჟი ეყოლება“. ესმოდა ეს სარას კარვის შესასვლელთან. კარავი იმ კაცის უკან იდგა.
  11. 11
    მოხუცები იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულები; სარას უკვე შეწყვეტილი ჰქონდა ყოველთვიური სისხლდენა.
  12. 12
    გულში გაეცინა სარას და თქვა: „დაუძლურებულს რა სიამე მექნება, თანაც უკვე მოხუცია ჩემი ბატონი?!“
  13. 13
    უთხრა იეჰოვამ აბრაამს: „რატომ გაეცინა სარას და თქვა, მოხუცს მართლა მეყოლებაო ვაჟი?
  14. 14
    არის რამე იეჰოვასთვის შეუძლებელი?! დანიშნულ დროს დავბრუნდები შენთან, გაისად, ამ დროს, და ვაჟი ეყოლება სარას“.
  15. 15
    უარყო სარამ, არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. მან მიუგო: „არა, გაიცინე!“
  16. 16
    მოგვიანებით ადგნენ იქიდან ის კაცები და სოდომს გადახედეს. აბრაამი მათ მიჰყვებოდა, აცილებდა მათ.
  17. 17
    იეჰოვამ თქვა: „განა დავუმალავ აბრაამს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?!
  18. 18
    იქცევა აბრაამი დიდ და ძლიერ ერად და მისით იკურთხება დედამიწის ყველა ერი.
  19. 19
    იმიტომ დავუახლოვდი მას, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და სახლეულობას, რომელიც მის შემდეგ იქნება, დაიცვან იეჰოვას გზა სიმართლის საკეთებლად და სამართლის აღსასრულებლად, რათა შეუსრულოს აბრაამს იეჰოვამ თავისი ნათქვამი“.
  20. 20
    ბოლოს თქვა იეჰოვამ: „დიდია ჩივილის ხმა სოდომსა და გომორაზე და მეტისმეტად მძიმეა მათი ცოდვა.
  21. 21
    ჩავალ, ვნახავ, მართლა ისე იქცევიან, როგორი ხმაც მომდის მათზე?! თუ არა, ამასაც შევიტყობ“.
  22. 22
    ამის შემდეგ წავიდნენ ის კაცები და დაადგნენ სოდომის გზას; იეჰოვა კი ისევ აბრაამის წინ იდგა.
  23. 23
    მიუახლოვდა აბრაამი და ჰკითხა: „მართლებსაც გაანადგურებ ბოროტებთან ერთად?
  24. 24
    ორმოცდაათი მართალიც რომ იყოს ქალაქში, მაინც გაანადგურებ მათ და არ აპატიებ იქ მყოფი ორმოცდაათი მართლის გამო?
  25. 25
    შეუძლებელია, ასე მოიქცე და გაანადგურო მართალი ბოროტთან ერთად და მართალსაც იგივე შეემთხვას, რაც ბოროტს, შეუძლებელია! განა მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ მოიქცევა?!“
  26. 26
    იეჰოვამ მიუგო: „თუ ქალაქ სოდომში ორმოცდაათ მართალს ვიპოვი, მთელ იმ ადგილს ვაპატიებ მათ გამო“.
  27. 27
    აბრაამმა უთხრა: „გავბედე იეჰოვასთან დალაპარაკება, თუმცა მტვერი და ნაცარი ვარ.
  28. 28
    ორმოცდაათ მართალს ხუთი რომ დააკლდეს, მაინც გაანადგურებ მთელ ქალაქს იმ ხუთის გამო?“ მან მიუგო: „არ გავანადგურებ, თუ ორმოცდახუთს ვიპოვი“.
  29. 29
    მაგრამ მან კიდევ ჰკითხა: „ორმოცი რომ აღმოჩნდეს?“ მან მიუგო: „არ გავაკეთებ ამას იმ ორმოცის გამო“.
  30. 30
    მან კვლავ სთხოვა: „იეჰოვა, ნუ განრისხდები, ნება მომეცი, კიდევ ვთქვა: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს?“ მან მიუგო: „არ გავაკეთებ ამას იმ ოცდაათის გამო“.
  31. 31
    მან ისევ ჰკითხა: „გავბედე იეჰოვასთან დალაპარაკება. ოცი რომ აღმოჩნდეს?“ მან მიუგო: „არ გავანადგურებ იმ ოცის გამო“.
  32. 32
    ბოლოს სთხოვა: „იეჰოვა, ნუ განრისხდები, ნება მომეცი, ერთხელაც ვთქვა. ათი რომ აღმოჩნდეს?“ მან მიუგო: „არ გავანადგურებ იმ ათის გამო“.
  33. 33
    დაასრულა იეჰოვამ აბრაამთან საუბარი და თავისი გზით წავიდა. აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილას.
იტვირთება შემდეგი თავი