დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 19

  1. 1
    საღამო ხანს, როცა ის ორი ანგელოზი სოდომში მივიდა, ლოტი სოდომის კარიბჭესთან იჯდა. თვალი რომ მოჰკრა მათ, წამოდგა შესაგებებლად, პირქვე დაემხო მიწაზე
  2. 2
    და სთხოვა: „ჩემო ბატონებო, შემოდით თქვენი მსახურის სახლში და ღამეს გაგათევინებთ, ფეხებსაც დაგაბანინებთ. დილით კი ადრე ადექით და თქვენს გზას დაადექით“. მათ კი მიუგეს: „არა, მოედანზე გავათევთ ღამეს“.
  3. 3
    მაგრამ არ მოეშვა მათ ლოტი და ისინიც შევიდნენ მასთან სახლში. სუფრა გაუშალა, დაუცხო უფუარი პურები და მათაც დაიწყეს ჭამა.
  4. 4
    სანამ დაწვებოდნენ, სახლს გარს შემოეხვია სოდომელი კაცების ბრბო, ყმაწვილებიცა და მოხუცებიც.
  5. 5
    ეძახდნენ ლოტს: „სად არიან ის კაცები, შენთან რომ მოვიდნენ საღამოს? გამოგვიყვანე, რომ დავწვეთ მათთან“.
  6. 6
    ბოლოს გავიდა მათთან ლოტი, შესასვლელთან დადგა და კარი გამოიკეტა.
  7. 7
    სთხოვა მათ: „ჩემო ძმებო, ნუ ჩაიდენთ ბოროტებას.
  8. 8
    ორი ქალიშვილი მყავს, რომლებიც არ წოლილან კაცთან. მათ გამოგიყვანთ და რაც გინდათ, ის უყავით, ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულები“.
  9. 9
    მათ მიუგეს: „განზე გადექ!“ შემდეგ თქვეს: „ხიზნად მოსულა ეს მარტოხელა კაცი და მოსამართლეობა მოინდომა. იცოდე, შენ უარესს გიზამთ“. მთელი ძალით მიაწყდნენ ლოტს და ლამის კარი შეამტვრიეს.
  10. 10
    იმ კაცებმა კი ჩაავლეს ლოტს ხელი, სახლში შეიყვანეს და ჩაკეტეს კარი.
  11. 11
    სახლის შესასვლელთან მდგომ კაცებს კი, დიდსა თუ პატარას, ყველას სიბრმავე მოჰგვარეს, ისე რომ შესასვლელის ძებნით დაიქანცნენ.
  12. 12
    უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: „კიდევ ვინა გყავს აქ? სიძეები, ვაჟები, ქალიშვილები და ვინც შენიანია ამ ქალაქში, ყველა გაიყვანე აქედან!
  13. 13
    უნდა გავანადგუროთ აქაურობა, რადგან დიდია მათ წინააღმდეგ ჩივილის ხმა, იეჰოვამდე მიაღწია. ამიტომ გამოგვგზავნა იეჰოვამ, რომ გავანადგუროთ ეს ქალაქი“.
  14. 14
    წავიდა ლოტი თავის სიძეებთან დასალაპარაკებლად, რომლებსაც მისი ქალიშვილები უნდა შეერთოთ, და უთხრა: „ადექით, წადით აქედან, რადგან უნდა გაანადგუროს იეჰოვამ ეს ქალაქი!“ მაგრამ სიძეებს ხუმრობა ეგონათ.
  15. 15
    გარიჟრაჟზე ანგელოზები აჩქარებდნენ ლოტს, ეუბნებოდნენ: „ადექი! წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორივე ქალიშვილი, რომ არ განადგურდეთ ამ ქალაქის ცოდვის გამო“.
  16. 16
    როცა აყოვნებდა იგი, იმ კაცებმა ჩაჰკიდეს ხელი მას, მის ცოლს, მის ორივე ქალიშვილს იეჰოვას გულმოწყალების გამო და ქალაქიდან გაიყვანეს.
  17. 17
    როცა გაიყვანეს ისინი, ერთერთმა უთხრა მათ: „გაიქეცით, რომ გადარჩეთ! უკან არ მოიხედოთ და არ გაჩერდეთ ამ მხარეში! მთებში გაიქეცით, რომ არ განადგურდეთ!“
  18. 18
    ლოტმა უთხრა მათ: „ოღონდ ეს არა, იეჰოვა!
  19. 19
    შენმა მსახურმა წყალობა პოვა შენს თვალში და შენც დიდებულად გამოავლინე სიკეთე ჩემდამი, რომ გეცოცხლებინე, მაგრამ მე, არ შემიძლია მთებში გაქცევა, უბედურება რომ არ მეწიოს და არ მოვკვდე.
  20. 20
    ეს ქალაქი ახლოსაა გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა. იქ გავიქცევი, მაინც ხომ უმნიშვნელო რამეს გთხოვ? და მეც ვიცოცხლებ“.
  21. 21
    მან უთხრა მას: „ამაშიც გაგიწევ ანგარიშს და არ დავამხობ იმ ქალაქს, რომელიც ახსენე.
  22. 22
    ჩქარა! გაიქეცი იქით, რადგან სანამ იქ არ მიხვალ, ვერაფერს გავაკეთებ!“ ამიტომ უწოდა მან იმ ქალაქს ცოარი.
  23. 23
    მზე უკვე ამოსული იყო ქვეყანაზე, როცა ლოტი ცოარში მივიდა.
  24. 24
    აწვიმა იეჰოვამ ციდან სოდომსა და გომორას გოგირდი და ცეცხლი იეჰოვასგან.
  25. 25
    გაანადგურა ის ქალაქები, მთელი ის მხარე, იმ ქალაქების მცხოვრებლებიც და იმ მიწის მცენარეებიც.
  26. 26
    მისმა ცოლმა, რომელიც უკან მიჰყვებოდა, უკან მიიხედა და მარილის სვეტად იქცა.
  27. 27
    დილით ადრე მივიდა აბრაამი იმ ადგილას, სადაც იეჰოვას წინაშე იდგა.
  28. 28
    გადახედა სოდომსა და გომორას, მთელ იმ მხარეს, და რას ხედავს?! შავი ბოლი ასდის იმ მიწას, თითქოს ღუმლიდან ამოდისო.
  29. 29
    იმ მხარის ქალაქების განადგურებისას ღმერთს არ დავიწყებია აბრაამი, რადგან განარიდა ლოტი ნგრევის შუაგულს, როცა ამხობდა ის იმ ქალაქებს, რომელთა შორისაც ლოტი ცხოვრობდა.
  30. 30
    გავიდა ხანი. წავიდა ლოტი ცოარიდან და თავის ორივე ქალიშვილთან ერთად მთიან მხარეში დასახლდა, რადგან ცოარში ცხოვრებისა შეეშინდა. გამოქვაბულში დაიწყეს ცხოვრება მან და მისმა ორივე ქალიშვილმა.
  31. 31
    უთხრა უფროსმა უმცროსს: „მამაჩვენი მოხუცია და კაციც არ არის ამ მიწაზე, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც მთელ დედამიწაზე ხდება.
  32. 32
    მოდი, დავალევინოთ მამაჩვენს ღვინო, დავწვეთ მასთან და შევინარჩუნოთ შთამომავლობა მამაჩვენისგან“.
  33. 33
    მთელი საღამო ასმევდნენ ღვინოს თავიანთ მამას. შევიდა უფროსი და დაწვა მამამისთან; მას კი არც მისი დაწოლა გაუგია და არც მისი ადგომა.
  34. 34
    მეორე დღეს უფროსმა უმცროსს უთხრა: „წუხელ მამაჩემთან ვიწექი. ამ საღამოსაც დავალევინოთ ღვინო. ახლა შენ შედი, დაწექი მასთან და შევინარჩუნოთ შთამომავლობა მამაჩვენისგან“.
  35. 35
    იმ საღამოსაც ასვეს ღვინო თავიანთ მამას. ადგა უმცროსი და დაწვა მასთან; მას კი არც მისი დაწოლა გაუგია და არც მისი ადგომა.
  36. 36
    ლოტის ორივე ქალიშვილი დაორსულდა მამისგან.
  37. 37
    გავიდა ხანი, უფროსს შეეძინა ვაჟი და დაარქვა მოაბი. დღემდე ის არის მოაბის მამა.
  38. 38
    უმცროსმაც გააჩინა ვაჟი და დაარქვა ბენამი. დღემდე ის არის ამონის ძეთა მამა.
იტვირთება შემდეგი თავი