დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 20
- 1დაიძრა აბრაამი იქიდან და ნეგების მიწაზე დაბანაკდა. კადეშსა და შურს შორის დასახლდა და ხიზნობდა გერარში.
- 2აბრაამმა კვლავ თქვა თავის ცოლზე, ჩემი დააო. გერარის მეფე აბიმელექმა კი გაგზავნა კაცები და მოაყვანინა სარა.
- 3გამოეცხადა ღმერთი აბიმელექს ღამით სიზმარში და უთხრა: „იცოდე, მოკვდები მაგ ქალის გამო, რომელიც წამოიყვანე, რადგან სხვისი ცოლია იგი“.
- 4აბიმელექი ჯერ არ გაჰკარებოდა მას, ამიტომ უთხრა: „იეჰოვა, განა გაანადგურებ ნამდვილად მართალ ერს?
- 5მან ხომ მითხრა, ჩემი დააო, და ქალმაც - ჩემი ძმააო იგი?! ეს პატიოსანი გულითა და სუფთა ხელით გავაკეთე“.
- 6ამაზე ჭეშმარიტმა ღმერთმა მიუგო სიზმარში: „ვიცი, რომ ეს პატიოსანი გულით გააკეთე. მე გაკავებდი ჩემ წინააღმდეგ შეცოდებისგან; ამიტომ არ დავუშვი, რომ მას გაჰკარებოდი.
- 7ახლა კი დაუბრუნე ცოლი იმ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია იგი, და ის ილოცებს შენთვის. ასე იცოცხლებ. მაგრამ თუ არ დაუბრუნებ მას, იცოდე, რომ მოკვდებით შენც და ყველა შენიანიც“.
- 8ადგა დილით ადრე აბიმელექი, მოუხმო თავის მსახურებს და ყველაფერი თქვა მათ გასაგონად. მათ ძალიან შეეშინდათ.
- 9შემდეგ მოუხმო აბიმელექმა აბრაამს და უთხრა: „ეს რა გვიყავი, რა შეგცოდე, ასეთ დიდ ცოდვაში რომ გაგვხვიე მე და ჩემი სამეფო?! ასეთი რამ არ უნდა გაგეკეთებინა ჩემთვის“.
- 10კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რა განზრახვით გააკეთე ეს?“
- 11აბრაამმა მიუგო: „ვფიქრობდი, არ არის აქ ღვთის შიში და მომკლავენმეთქი ჩემი ცოლის გამო, ამიტომ მოვიქეცი ასე.
- 12თანაც, მართლა ჩემი დაა იგი, მამაჩემის ქალიშვილია, მაგრამ არა დედაჩემისგან; ჩემი ცოლი გახდა.
- 13როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან წამომიყვანა, ვუთხარი მას, სიკეთეს გამიკეთებ თუ იტყვი, სადაც მივალთ, რომ შენი ძმა ვარმეთქი“.
- 14მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარძროხა, მსახურები და მოახლეები და დაუბრუნა მას სარა, მისი ცოლი,
- 15და უთხრა მას აბიმელექმა: „აი, ჩემი მიწა. სადაც მოგეწონოს, იქ იცხოვრე“.
- 16შემდეგ სარას უთხრა: „ათას ვერცხლს ვაძლევ შენს ძმას. ეს იქნება ნიშანი შენთან მყოფებისა და ყველას თვალში, რომ არ ყოფილხარ შეურაცხყოფილი“.
- 17ილოცა აბრაამმა ჭეშმარიტი ღვთის მიმართ და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მხევლები და დაუბრუნდათ შვილების შობის უნარი,
- 18რადგან აბრაამის ცოლის, სარას გამო, იეჰოვამ ყველა ქალს დაუხშო საშვილოსნო აბიმელექის სახლში.
იტვირთება შემდეგი თავი