დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*
იტვირთება წინა თავი
თავი 21
- 1მოხედა იეჰოვამ სარას თავისი სიტყვისამებრ და ის გააკეთა იეჰოვამ, რაც ნათქვამი ჰქონდა.
- 2დაორსულდა სარა და ვაჟი გაუჩინა მოხუც აბრაამს დანიშნულ დროს, რომელზეც ღმერთი ელაპარაკა.
- 3აბრაამმა თავის ვაჟს, რომელიც სარასგან შეეძინა, ისაკი დაარქვა.
- 4წინადაცვითა რვა დღის ისაკი აბრაამმა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები.
- 5ასი წლისა იყო აბრაამი, როცა ვაჟი, ისაკი შეეძინა.
- 6სარამ თქვა: „გამაცინა ღმერთმა; ყველა გაიცინებს, ვინც ამას გაიგებს“.
- 7ამბობდა: „ვინ ეტყოდა აბრაამს, სარა შვილებს ძუძუს მოაწოვებსო?! მე კი ვაჟი გავუჩინე მას, მოხუცებულს“.
- 8წამოიზარდა ბავშვი და ძუძუს მოსწყვიტეს. იმ დღეს, როცა ისაკი ძუძუს მოსწყვიტეს, დიდი ნადიმი გამართა აბრაამმა.
- 9ამჩნევდა სარა, რომ ეგვიპტელი აგარის ვაჟი, რომელიც მან აბრაამს გაუჩინა, დასცინოდა ისაკს.
- 10მან უთხრა აბრაამს: „გააძევე ეს მხევალი და მისი ვაჟი, ვერ იქნება ის მემკვიდრე ჩემს ვაჟთან, ისაკთან ერთად!“
- 11მეტისმეტად დამწუხრდა აბრაამი თავისი ვაჟის გამო.
- 12ღმერთმა აბრაამს უთხრა: „ნუ დამწუხრდები იმის გამო, რასაც სარა გეუბნება ამ ყმაწვილსა და შენს მხევალზე. მოუსმინე მას, რადგან ის, ვისაც შენი შთამომავალი ეწოდება, ისაკისგან წარმოიშობა.
- 13შენი მხევლის ვაჟსაც ვაქცევ ერად, რადგან შენი შთამომავალია იგი“.
- 14ადგა აბრაამი დილით ადრე, აიღო პური, წყლით სავსე ტიკი, ზურგზე მოჰკიდა აგარს და შვილთან ერთად გაუშვა. წავიდა იგი და ბეერშებას უდაბნოში დაეხეტებოდა.
- 15ბოლოს ტიკში წყალი გაუთავდა და ბავშვი ბუჩქის ძირში დატოვა,
- 16თვითონ კი წავიდა და ისრის სასროლ მანძილზე დაჯდა თავისთვის, ამბობდა, არ დავინახოო ბავშვის სიკვდილი. შორიახლო დაჯდა და ხმამაღლა ატირდა.
- 17გაიგო ღმერთმა იმ ყმაწვილის ხმა. დაუძახა ზეციდან ღვთის ანგელოზმა აგარს და უთხრა: „აგარ, რა მოგივიდა? ნუ გეშინია, რადგან გაიგონა ღმერთმა ბიჭის ხმა იმ ადგილიდან, სადაც ის არის.
- 18წამოდექი, წამოაყენე ყმაწვილი და ხელი მოჰკიდე, რადგან დიდ ერად ვაქცევ მას“.
- 19აუხილა ღმერთმა მას თვალი და დაინახა მან ჭა. მივიდა, ტიკი წყლით აავსო და შვილს დაალევინა.
- 20ღმერთი იყო ყმაწვილთან. იზრდებოდა იგი. უდაბნოში ცხოვრობდა და მშვილდოსანი გახდა.
- 21ფარანის უდაბნოში დასახლდა იგი, დედამისმა კი ცოლი ეგვიპტიდან მოუყვანა.
- 22აბიმელექმა და მისი ჯარის მხედართმთავარმა აბრაამს უთხრეს: „ყველაფერში, რასაც აკეთებ, შენთან არის ღმერთი.
- 23ღვთის სახელით დაიფიცე ჩემ წინაშე, რომ არ მიმტყუნებ არც მე, არც ჩემს შთამომავლობას და არც ჩემს მოდგმას, და მე და ჩემს ქვეყანას, სადაც ხიზნობდი, ურყევი სიყვარულით მოგვექცევი, როგორც მე გექცეოდი“.
- 24აბრაამმა უთხრა: „ვფიცავ!“
- 25როცა აბრაამმა მკაცრად უსაყვედურა აბიმელექს ჭის გამო, რომელიც აბიმელექის მსახურებმა ძალით ჩაიგდეს ხელში,
- 26მან მიუგო: „არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს. შენც არ გითქვამს ჩემთვის და ეს დღეს პირველად გავიგე“.
- 27მისცა აბრაამმა აბიმელექს ცხვარძროხა და ორივემ დადო შეთანხმება.
- 28როცა აბრაამმა შვიდი დედალი ბატკანი ცალკე დააყენა,
- 29აბიმელექმა ჰკითხა აბრაამს: „ცალკე რატომ დააყენე ეს შვიდი ბატკანი?“
- 30მან მიუგო: „ჩემი ხელიდან უნდა მიიღო ეს შვიდი ბატკანი იმის ნიშნად, რომ ეს ჭა ჩემი ამოთხრილია“.
- 31ამიტომ უწოდა იმ ადგილს ბეერშება, რადგან ორივემ იქ დაიფიცა.
- 32დადეს მათ შეთანხმება ბეერშებაში, რის შემდეგაც ადგა აბიმელექი და თავისი ჯარის მხედართმთავარ ფიქოლთან ერთად დაბრუნდა ფილისტიმელების მიწაზე.
- 33ამის შემდეგ დარგო აბრაამმა ბეერშებაში იალღუნის ხე და იქ მოუხმო იეჰოვას, მარადიული ღვთის სახელს.
- 34აბრაამი კიდევ დიდხანს ხიზნობდა ფილისტიმელების მიწაზე.
იტვირთება შემდეგი თავი