დაბადება — ახალი ქვეყნიერების თარგმანი*

იტვირთება წინა თავი

თავი 22

  1. 1
    ამის შემდეგ ჭეშმარიტმა ღმერთმა გამოსცადა აბრაამი, დაუძახა: „აბრაამ!“ მან მიუგო: „აქა ვარ!“
  2. 2
    მან სთხოვა: „წაიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი, რომელიც ძალიან გიყვარს, ისაკი, წადი მორიას მიწაზე და იქ აღავლინე იგი დასაწვავ შესაწირავად, იმ მთაზე, რომელზეც მოგითითებ“.
  3. 3
    დილაადრიან ადგა აბრაამი, შეკაზმა ვირი, დაუძახა თავის ორ მსახურს და ისაკს, თავის ვაჟს; დაჩეხა შეშა დასაწვავი შესაწირავისთვის, ადგა და გაუდგა გზას იმ ადგილზე მისასვლელად, რომელზეც ღმერთმა მიუთითა.
  4. 4
    მესამე დღე იყო, როცა გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი.
  5. 5
    აბრაამმა თავის მსახურებს უთხრა: „თქვენ აქ დარჩით და ვირიც აქ იყოს. მე და ჩემი ვაჟი კი იქ ავალთ თაყვანსაცემად და დავბრუნდებით“.
  6. 6
    აიღო შეშა დასაწვავი შესაწირავისთვის და თავის ვაჟს, ისაკს აჰკიდა, თვითონ კი წაიღო ცეცხლი, დასაკლავი დანა და ორივენი ერთად წავიდნენ.
  7. 7
    უთხრა ისაკმა მამამისს, აბრაამს: „მამა!“ მან მიუგო: „ჰო, შვილო!“ მან უთხრა: „ცეცხლი და შეშა კი გვაქვს, მაგრამ ცხვარი სადღაა დასაწვავი შესაწირავისთვის?“
  8. 8
    აბრაამმა მიუგო: „შვილო, ღმერთი თვითონ გამოაჩენს ცხვარს დასაწვავი შესაწირავისთვის“; და ორივემ განაგრძო გზა.
  9. 9
    ბოლოს მიადგნენ იმ ადგილს, რომელზეც ღმერთმა მიუთითა. ააგო აბრაამმა სამსხვერპლო, დაალაგა შეშა, შეუკრა ხელფეხი ისაკს, თავის ვაჟს, და სამსხვერპლოზე დალაგებულ შეშაზე დააწვინა.
  10. 10
    გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დასაკლავი დანა შვილის მოსაკლავად,
  11. 11
    მაგრამ იეჰოვას ანგელოზმა დაუძახა ზეციდან: „აბრაამ! აბრაამ!“ მან მიუგო: „აქა ვარ!“
  12. 12
    უთხრა: „არ აღმართო ხელი ყმაწვილზე და არაფერი დაუშავო მას, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ, ვინაიდან არ დაგენანა ჩემთვის ერთადერთი ვაჟი“.
  13. 13
    აბრაამმა გაიხედა და მოშორებით, ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი დაინახა. მივიდა, წამოიყვანა ვერძი და თავისი ვაჟის ნაცვლად შესწირა დასაწვავ შესაწირავად.
  14. 14
    იმ ადგილს აბრაამმა იეჰოვაირე უწოდა. დღეს ამიტომაც ამბობენ, იეჰოვას მთაზე გამოჩნდებაო.
  15. 15
    მეორედაც დაუძახა იეჰოვას ანგელოზმა აბრაამს ზეციდან:
  16. 16
    „ჩემს თავს ვფიცავ, - ამბობს იეჰოვა, - რადგან ეს გააკეთე და არ დაგენანა ერთადერთი ვაჟი,
  17. 17
    ჭეშმარიტად გაკურთხებ, ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ შენს შთამომავალს და შენი მტრების კარიბჭეს დაეუფლება შენი შთამომავალი.
  18. 18
    შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი, რადგან შენ მოისმინე ჩემი ხმა“.
  19. 19
    დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან; ადგნენ და ერთად დაადგნენ ბეერშებასკენ მიმავალ გზას. ცხოვრობდა აბრაამი ბეერშებაში.
  20. 20
    ამის შემდეგ ასეთი ამბავი მიუვიდა აბრაამს: „ნახორს, შენს ძმას, მილქამ ვაჟები გაუჩინა:
  21. 21
    უცი - პირმშო, ბუზი - მისი ძმა, კემუელი - არამის მამა,
  22. 22
    ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი“.
  23. 23
    ბეთუელს შეეძინა რებეკა. მილქამ ეს რვა ვაჟი გაუჩინა ნახორს, აბრაამის ძმას.
  24. 24
    ხარჭამაც, რომელსაც რეუმა ერქვა, გაუჩინა ტებახი, გახამი, თახაში და მააქა.
იტვირთება შემდეგი თავი